ახალი ამბები

რამდენად მართებულია კობახიძის მისამართით უმცირესობებზე გამოთქმული ბრალდებები

4 ივნისი, 2012 • • 967
რამდენად მართებულია კობახიძის მისამართით უმცირესობებზე გამოთქმული ბრალდებები

“ასეთი რამ პირველად მოხდა მასეტროს ეთერში, როდესაც მე მქონდა დებატები უმრავლესობის წევრთან ჩიორა თაქთაქიშვილთან, რომელმაც ჩემთან საუბარში დასდო ბრალი მანანა კობახიძეს იმაში, რომ იგი ეროვნულ უმცირესობებს იხსენიებს არა ეთიკურად და მოიყვანა ციტატები არარსებული გამოსვლიდან. ჩვენ ამ ფაქტზე გვინდოდა რეაგირება. მე მოვთხოვე ამის დამადასტურებელი საბუთები. აქვე ვუთხარი, რომ მანანა  კობახიძე 10 წელია ადამიანის უფლებების დამცველია,  გამორიცხულია ასეთი რამ ეთქვა და ეს არის ცილისწამება. ქალბატონი თაქთაქიშვილი შემპირდა, რომ მომაწოდებდა ამის დამადასტურებელ  საბუთებს, ანუ იმ ფაქტებისა, რომ მანანა კობახიძეს როდესმე უდიერად ჰყავდა მოხსენიებული ეროვნული უმცირესობა. რასაკვირველია, ასეთი დამადასტურებელი საბუთები მე მისგან არ მიმიღია”, – განაცხადა ბრიფინგზე პრესსპიკერმა ფანჯიკიძემ.

2011 წლის 6 ივლისს მანანა კობახიძე საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმისთვის” მიცემულ ინტერვიუში  აღნიშნავს, რომ ჩვენი ისტორიულ-მართლმადიდებლური ეთნოფსიქიკის, ზნეობის განადგურებით დემოკრატიის შენებას თუ ცდილობს ვინმე – ასეთი დემოკრატია ვის რად უნდა?

“ამით საქართველოს ხელისუფლება დასავლელ მეგობრებს თავის დემოკრატიულობას უმტკიცებს. ასეთ დემოკრატიად კი ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ უმცირესობების, მათ შორის, სექსუალურის, დაცვას განიხილავს. ასეთი დაცვა კარგია, მაგრამ ეს უმრავლესობის წარმომადგენელთა მიერ უკანონო ბრალდებებისა და უფლებების შელახვის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. საქართველოში დემოკრატიულობის ნიმუშად, რატომღაც, სექსუალური უმცირესობების წამახალისებელი პროპაგანდისტული წიგნის საწინააღმდეგოდ გამართული მართლმადიდებლების პროტესტის თვალსაჩინო დასჯა წარმოადგინეს. . . ჩვენ სარწმუნოებას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული ისტორიული როლი მივანიჭეთ და ეს კონსტიტუციაშიც ავსახეთ. ახლა კონსტიტუციას ვარღვევთ? უმრავლესობის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური მორალის ფაშიზმად და ექსტრემიზმად მონათვლა დაუშვებელია! . . . ამ საქმით „ლიბერალებს“ „გამოხატვის უფლებად“ დედის, შვილის მიმართ ლტოლვის წახალისება და პრეზენტირება ეთვლებათ”, – აღნიშნა ინტერვიუში კობახიძემ.

ფანჯიკიძემ მეორე ფაქტიც გამოყო და გაიხსენა გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე
ეკა კვესიტაძესთან  “ტაბულას” რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ კობახიძის
მისამართით გამოთქმული ბრალდება.

გადაცემაში ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, რომ მანანა კობახიძე ხშირად მოიხსენიებს არაეთნიკურ ქართველებს არაკორექტული ტერმინებით.

პრესსპიკერი ფანჯიკიძე აღნიშნულთან დაკავშირებით აღნიშნავს,  რომ სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ხელისუფლებისა და მისი პოზიციების გამხმოვანებელ ჩერგოლეიშვილის ბრალდებები.

“ეს ყოველივე ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ხელისუფლების მიერ აგორებული ბინძირი კამპანიის ნაწილია”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და აქვე დასძინა, რომ ხელისუფლება სანამ მსგავს ცილისწამებებს წარმოაჩენს, უმჯობესია წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მან აქვე დააფიქსირა კოალიციის პოზიციაც უმცირესობებთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ აბსოლიტურად ყველა სახის უმცირესობას აქვს თავის უფლებები. ისინი არიან ამ საზოგადოების წევრები და შესაბამისად, ამ უფლებების დაცვა ევალება უფლებადამცველებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი