ახალი ამბები

არასამთავრობოები კლინტონის მოადგილეს წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრნენ

4 ივნისი, 2012 • • 951
არასამთავრობოები კლინტონის მოადგილეს წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრნენ

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შეხვედრაზე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე.

“არჩევნები იყო ყველაზე მთავარი თემა შეხვედრაზე. ასევე, ვისაუბრეთ ეთნიკური უმცირესობების შესახებ, კონფლიქტურ ზონებზე, შრომით უფლებებსა და აჭარის სპეციფიკური პრობლემებიც გავაცანით, რომელიც ეხება საკუთრების უფლების ხელყოფის ფაქტებს”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში ლომჯარია და არჩევნების მხრივ შეხვედრაზე გამოკვეთილ რამდენიმე საკითხს გამოყოფს.

“მათ შორის იყო საუბარი წინასაარჩევნოდ თავისუფალი და კრიტიკული მედიის ხელმისაწვდომობაზე, ასევე, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლასა და სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტებზე, კონტროლის პალატის საქმიანობაზე და, ზოგადად, შიშის ფაქტორზე, რომელიც არსებობს საზოგადოებაში ამ გარემოებებიდან გამომდინარე. მდივნის მოადგილემაც განაცხადა, რომ ყველა ის საკითხი, რაზეც ვესაუბრეთ, ამ ჭრილში მისთვის ნაცნობი იყო, და აღნიშნა, რომ ეს საკითხები აუცილებლად დადგება კლინტონთან ხვალინდელი დღის წესრიგში და გაკეთდება განცხადებებიც”, – ამბობს ლომჯარია.  

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს დღეს ეწვევა, ხოლო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი