ნეტგაზეთი | რას ჰპირდება განათლების სამინისტრო მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და გამომცემლებს რას ჰპირდება განათლების სამინისტრო მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და გამომცემლებს – Netgazeti
RU | GE  

რას ჰპირდება განათლების სამინისტრო მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და გამომცემლებს

მასწავლებლებისთვის საგნობრივ გამოცდებში ბარიერის მოხსნა და ხელფასის გაზრდა, ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე მუშაობის დაწყება, თავისუფალი გაკვეთილის შემოღება – ამ გეგმების შესახებ 26 სექტემბერს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებს ესაუბრა.

ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც მინისტრის თანამდებობას 4 თვეა იკავებს, უკვე მიმდინარე წლიდან აპირებს საგნობრივ გამოცდებში ბარიერის გაუქმებას. მასწავლებელთა დიდი ნაწილი ამ გამოცდებში ბარიერს ვერ ლახავს და ტესტების სირთულეს უჩივიან. მოქმედი სქემის თანახმად, თუკი ექვეჯერ ვერ ჩააბარებს მასწავლებელი ამ გამოცდას, იგი თანამდებობას დატოვებს.

მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდაში ბარიერი მოიხსნება

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შენარჩუნდება მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდები, თუმცა გაუქმდება ბარიერი. მისივე განმარტებით, მასწავლებლის მიერ პროფესიული განვითარების ეტაპიდან ეტაპზე გადასვლა იქნება დამოკიდებული არა ამ საგნობრივი გამოცდის ჩაბარებაზე, არამედ მასწავლებლის მიერ დაგროვილ კრედიტებზე. შესაბამისად, თუკი მასწავლებელი საგნობრივ გამოცდაში, ვთქვათ, 10 ქულას აიღებს, მის “ყულაბაში” ამ ქულების შესაბამისი კრედიტები აისახება.

“იქნება სხვა ალტერნატივებიც. მაგალითად, დაბრუნდება პედაგოგიური უნარების გამოცდა, ოღონდ ისიც იქნება უბარიერო, რამდენ ქულასაც მიიღებ, იმის დახურდავებული კრედიტები გექნება. ასევე იქნება სხვა ინსტრუმენტები – მაგალითად, იქნება მშობლებთან მუშაობის ინსტრუმენტი. ანუ მასწავლებელს, რომელიც თავის თავზე იღებს, რომ მშობლებთან იქნება სანიმუშო, ამაში აძლევენ კრედიტებს,”- განაცხადა ჯეჯელავამ.

ჯეჯელავას თქმით, ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ იქნებიან მასწავლებლები, რომელთაც ბარიერი გადალახეს საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარების, ან პედაგოგიური უნარების გამოცდაში მაღალი ქულის მიღების საშუალებით; ან მშობლებთან და სპეციალური საჭიროების ბავშვებთან მუშაობის, ასევე სხვა აქტივობების ხარჯზე დაგროვილი კრედიტების საშუალებით. მინისტრის თქმითვე, იგეგმება, რომ ეს ცვლილებები წელსვე, შემოდგომიდან ამოქმედდეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების იმ სქემის შესაბამისად, რომელიც დღეს მოქმედებს, პრაქტიკოს მასწავლებელს სამი წელი აქვს იმისთის, რომ ჩააბაროს საგნობრივი გამოცდა. თუკი ამ დროის განმავლობაში ამას ვერ შელძებს, იგი დირექტორმა უნდა დაითხოვოს და მის ადგილას კონკურსი გამოაცხადოს.

აქვე, ჯეჯელავა ამბობს იმასაც, რომ “გასაშვები ვინც იქნება”, სკოლიდან დაითხოვენ.

“ოღონდ, ეს არ იქნება მხოლოდ საგნის გამოცდით მოტივირებული გაშვება. როგორ და კლასის შედეგებით, დირექტორისა და მენეჯმენტის შეფასებით – როგორც ნებისმიერ ორგანიზაციაში,”- განაცხადა მინისტრმა.

სახელმძღვანელოების ბიზნესის დაბრუნება გამომცემლებისთვის

ამჟამად განათლების სამინისტროს სახელმძღანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით გამომცემლებთან მოლაპარკებები აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმძღვანელოებს, რომლებიც მოსწავლეებს უფასოდ ურიგდება, სახელმწიფრო ამჯერად გამომცემლობებისგან შეიძენს.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, წელს ექსპლოატაციის ვადა თითქმის ყველა სახელმძღვანელოს გასდის და მომავალ წელს ამ სახელმძღვანელოების თავიდან მომზადება იქნება საჭირო, კერძოდ, ამ ეტაპზე იგეგმება 1-6 კლასის სახელმძღვანელოების შინაარსობრივად შეცვლა, ხოლო ზედა კლასების წიგნების შინაარსი არ შეიცვლება.

სამინისტროს გაანგარიშების თანახმად, მომავალ წელს ახალი წიგნების მომზადება და ბეჭდვა სამინისტროს დაახლოებით 18-19 მლნ ლარი დაუჯდება. ჯეჯელავას თქმით, ამჟამად მოლაპარაკების საგანია, თუ რა ფასად დაბეჭდავენ გამომცემლები ამ წიგნებს.

“არსებობს ფასების მატრიცა – ასეთი მეთოდი, რომ მე ვათავნხმებ, რა მოცულობის სახელმძღვანელოს რა ფასად ვიღებ. ამას ვამატებთ როგორც საავტორო ხარჯებს, ასევე, საბეჭდ ხარჯებს. მატრიცაში რა ციფრები ეწერება, ეს მოლაპარაკების საგანია,”- განაცხადა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება მიმდინარე სასწავლო წელს, მინისტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  სახელმძღვანელოების 1/3 განახლდა, ხოლო 2/3 არის გასულ წელს უკვე გამოყენებული სახელმძღვანელოები, რომლებიც გადაარჩიეს,”- განაცხადა მან.

ელექტრონული სახელმძღვანელოების შემოღების პერსპექტივები

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ გამომცემლებთან დაიწყო საუბარი ელექტრონული წიგნების შემოღების საკითხებზე. მისივე თქმით, უნდა დაიწყოს მუშაობა ელექტრონული სახელმძღვანელოებით სწავლების დაწყებაზე და ისინი ეტაპობრივად უნდა შესთავაზონ სკოლებს.

“ჩვენ შევახვედრეთ გამომცემლები რამდენიმე კომპანიას და ვაპირებთ, რომ ეს შეხვედრები გავაგრძელოთ, რომლებიც სხვა ქვეყნებში ელექტრონულ სახელმძღვანელოებს ავითარებს და ვაპირებთ ვუთხრათ, რომ მოდით, როგორც ალტერნატივა, იქნებ შესთავაზოთ,”- განაცხადა მან.

ჯეჯელავა ვარაუდობს, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოების პირველი ვერსიები შესაძლოა 2017 წლიდან გამოჩნდეს.

დაინერგება “თავისუფალი გაკვეთილი”

კიდევ ერთი სიახლე, რაზეც ჟურნალისტებთან ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა, იქნება თავისუფალი გაკვეთილის შემოღება. ეს გაკვეთილი შეეხება იმ სფეროს, რაც მოსწავლეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ და მისი მიზანი მოტივაციის ამაღლება იქნება. “თავისუფალ გაკვეთილზე” აკრძალული იქნება მოსწავლეებისთვის საშინაო დავალების მიცემა და მათთვის ნიშნების დაწერა. ამ გაკვეთილს ჩაატარებს მასწავლებელი, რომელიც სპეციალურად ამ საგნისთვის იქნება მომზადებული.

სასწავლო კომპიუტერული პროგრამების ნაკლებობა 

ჯეჯელავას თქმით, სახელმწიფომ წელსაც დაურიგა პირველკლასელებს უფასო კომპიუტერები და იზრდება იმ მოსწავლეების რაოდენობა, ვისაც კომპიუტერი აქვს, თუმცა, ეს “მაინცდამაინც სასიხარულო ამბავი არ არის”, რადგანაც არის სპეციალური პრგრამების ნაკლებობა.

“ფაქტობრივად, ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას ვხვდებით და გვინდა, რომ ამ კონტენტის მუდმივმოქმედი წარმოება გავაკეთოთ, ოღნდ არა ჩვენი დაკვეთით, არამედ ბაზარი გავხსნათ აქაც და ვთქვათ, რომ ჩვენ ვაპირებთ, რომ ვუხადოთ ფული კომპანიებს, რომლებიც ისეთ საიტებს, თამაშებს და ა.შ. გამოიგონებენ, რომელიც ბავშვებს გამოადგებათ. თან, მივყვებით არა ეროვნულ სასწავლო გეგმას აუცილებლად. მაგალითად, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვეფხისტყაოსნის კომპიუტერული თამაში გაჩნდეს. მართლა ვაპირებთ. საერთოდ, კომპიუტერული თამაში თუ მიესადაგება ქიმიას, იქაც მინდა, რომ გაჩნდეს, თუ ისტორიას, ვიცით, რომ მართლა მიესადაგება და იქაც გვინდა, რომ გაჩნდეს,”- განაცხადა მინისტრმა.

 

]ალექსანდრე ჯეჯელავა. განათლების სამინისტროს ფოტო

ალექსანდრე ჯეჯელავა. განათლების სამინისტროს ფოტო

გარდა ამ საკითხებისა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ისაუბრა იმის შესახებაც, რომ საჭირო ხდება ახალი სკოლების აშენება იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობა მეტად იზრდება – განსაკუთრებით, თბილისის უბნებში: გლდანში, მუხიანში, ვარკეთილსა და დიდ დიღომში.

“ჰარვარდზე ძნელი გახდა გლდანში ბავშვის სკოლაში მოხვედრა,”- განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ რეგისტრაციის გახსნიდან რამდენიმე წუთში სკოლებში ყველა ადგილი შევსებულია. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დახმარებით დაახლოებით 100-მდე სკოლის რეაბილიტაციაზე არის საუბარი.

გარდა ამისა, მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ელექტრონული ჟურნალის დანერგვის პირველი ეტაპის ფარგლებში, 2016-2017 სასწავლო წლიდან სისტემით სარგებლობის შესაძლებლობა მატერიალური ჟურნალის პარალელურად 400-ამდე საჯარო სკოლას ექნება.

ასევე, სამინისტროს გეგმების თანახმად, 2017 წელს მასწავლებლის საშუალო ხელფასი 800-900 ლარს მიაღწევს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი