ახალი ამბები

ზუგდიდში ენმ-ის აქციის მონაწილეებს სააკაშვილმა უკრაინიდან სიტყვით მიმართა

26 სექტემბერი, 2016 • 2621
ზუგდიდში ენმ-ის აქციის მონაწილეებს სააკაშვილმა უკრაინიდან სიტყვით მიმართა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქალაქ ზუგდიდში დღეს, 26 სექტემბერს, აქციას მართავს. ზუგდიდში პარტიის ლიდერებთან შესახვედრად შეკრებილ მოსახლეობას დავით ბაქრაძემ და სხვა ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. აქციაში ვიდეომიმართვით ჩაერთო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი.

“მე მახსოვს ერთ მუშტად შეკრული სამეგრელო 2003 წელს, როცა უარი ვუთხარით კორუმპირებულ ხელისუფლებას და დავიწყეთ ქართული სახელმწიფოს შენება. მე დღეს ვხედავ ერთ მუშტად შეკრულ სამეგრელოს, რაც არის იმის პირობა, რომ ჩვენ ყველა 2016 წელს დავიწყებთ ახალი სახელმწიფოს შენებას”, – მიმართა დავით ბაქრაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა.

ზუგდიდში პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება სანდრა რულოვსი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პროპორციული სიის მეორე ნომერი. მიტინგის მიმდინარეობისას სიტყვით ჩაერთო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სწორედ სანდრა რულოვსს, თავის მეუღლეს დაუჭირა მხარი. 

მიხეილ სააკაშვილმა მანამდეც მიიღო რამდენჯერმე მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში. როდესაც 31 ივლისს ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენაზე, მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სააკაშვილის მიმართვა ასე შეაფასა: „უკრაინის მოქალაქემ, ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სავარაუდო წინასაარჩევნო აგიტაცია“ – და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით წერილობით აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას [უსკო] პირველ აგვისტოს მიმართა.

სანდრა რულოვსი და მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდი

სანდრა რულოვსი და მიხეილ სააკაშვილი. ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდი

პირველ აგვისტოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა „სამართლიანმა არჩევნებმაც“ (ISFED). ორგანიზაციამ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის სამი ვიდეომიმართვა გააერთიანა – ახალქალაქის, მარნეულის და ბათუმის. ცესკოს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი თვე ჰქონდა. თუკი ცესკო აგიტაციის შემთხვევას დაადგენდა, საბოლოოდ გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა დაედასტურებინა. ჯარიმის ოდენობა წინასაარჩევნო აგიტაციაზე 2000 ლარს შეადგენდა.

საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, აგრეთვე, ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები). საქართველოს კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირებს  წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო  მონაწილეობა ეკრძალებათ. თუმცა ცესკომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი სააკაშვილის წინააღმდეგ არ შეადგინა. ამის მიზეზები ცესკო თავმჯდომარემ, თავარ ჟვანიამ განმარტა:

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია ხსენებულ პირებზე, თუ ისინი არ იმყოფებიან საქართველოში”, – აცხადებს ჟვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი