
აღნიშნულის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ ისაუბრა:
“ასეთი რამ პირველად მოხდა “მაესტროს” ეთერში, როდესაც მე მქონდა დებატები უმრავლესობის წევრთან ჩიორა თაქთაქიშვილთან, რომელმაც ჩემთან საუბარში დასდო ბრალი მანანა კობახიძეს იმაში, რომ იგი ეროვნულ უმცირესობებს იხსენიებს არაეთიკურად და მოიყვანა ციტატები არარსებული გამოსვლიდან. ჩვენ ამ ფაქტზე გვინდოდა რეაგირება. მე მოვთხოვე ამის დამადასტურებელი საბუთები. აქვე ვუთხარი, რომ მანანა კობახიძე 10 წელია ადამიანის უფლებების დამცველია, გამორიცხულია ასეთი რამ ეთქვა და ეს არის ცილისწამება. ქალბატონი თაქთაქიშვილი შემპირდა, რომ მომაწოდებდა ამის დამადასტურებელ საბუთებს, ანუ იმ ფაქტებისა, რომ მანანა კობახიძეს როდესმე უდიერად ჰყავდა მოხსენიებული ეროვნული უმცირესობა. რასაკვირველია, ასეთი დამადასტურებელი საბუთები მე მისგან არ მიმიღია”, – განაცხადა ბრიფინგზე პრესსპიკერმა ფანჯიკიძემ.
მან, ასევე, მეორე ფაქტიც გამოყო და გაიხსენა გუშინ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე”ეკა კვესიტაძესთან “ტაბულას” რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ კობახიძის მისამართით გამოთქმული ბრალდება:
“ამასთან დაკავშირებით, პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ხელისუფლებისა და პოზიციების გამხმოვანებელ ჩერგოლეიშვილის ბრალდებები. ეს ყოველივე ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რაც ხელისუფლების მიერ აგორებული ბინძური კამპანიის ნაწილია”, – განაცხადა ფანჯიკიძემ და აქვე დასძინა, რომ ხელისუფლება სანამ მსგავს ცილისწამებებს წარმოაჩენს, უმჯობესია წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
აქვე დააფიქსირა კოალიციის პოზიციაც უმცირესობებთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა სახის უმცირესობას აქვს თავის უფლებები. ისინი არიან ამ საზოგადოების წევრები და შესაბამისად, ამ უფლებების დაცვა ევალება უფლებადამცველებს.




