ახალი ამბები

შსს-ს არქივი ახალ შენობაში გადავა

1 ივნისი, 2012 •
შსს-ს არქივი ახალ შენობაში გადავა

საქართველოს შსს-ს არქივი პოლიციის აკადემიას შეუერთდა, სამომავლოდ კი არქივის განთავსება ახალ შენობაში იგეგმება. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” პოლიციის აკადემიის ახალმა რექტორმა დავით აფრასიძემ განუცხადა.

 

დავით აფრასიძე ბოლო დრომდე შსს-ს არქივის ხელმძღვანელად მუშაობდა, თუმცა, ხატია დეკანოიძის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შემდეგ, პოლიციის აკადემიის რექტორად დაინიშნა. შსს-ში სწორედ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება და შსს-ს არქივი პოლიციის აკადემიას შეუერთეს.

 

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის თქმით, არქივი აქამდე დამოუკიდბელი სტრუქტურა იყო, თუმცა, ამ სტატუსთან შედარებით, მას მცირე მასშტაბი ჰქონდა.

 

”ამიტომ სჯობს, არქივი იყოს უფრო დიდი დანაყოფის ნაწილი, რომელიც ფუნქციებითა და შინაარსით მასთან ახლოსაა, ასეთი სტრუქტურა კი არის შსს-ს აკადემია. აქედან გამომდინარე, ეს გაერთიანება აკადემიისთვისაც უკეთესი იქნება და არქივისთვისაც,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” შოთა უტიაშვილმა. მისივე თქმით, არქივის სტრუქტურაში სხვა ცვლილებები, მათ შორის თანამშრომელთა შეცვლა, არ იგეგმება.

 

პოლიციის აკადემიის რექტორის, დავით აფრასიძის რწმენით, აკადემიასთან გაერთიანების შემდეგ შსს-ს არქივის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება და გაცილებით მოსახერხებელი გახდება როგორც დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, ისე მკვლევარებისთვის.

 

დავით აფრასიძე ამბობს, რომ აქამდე არქივი, ფაქტიურად, ორ ნაწილად იყო გაყოფილი – ცალკე იყო უშიშროების არქივი, ცალკე კი – კომპარტიის არქივი. აკადემიასთან შეერთების შემდეგ კი ორივე ნაწილი ერთ შენობაში მოიყრის თავს. პოლიციის აკადემიის რექტორმა ჯერჯერობით არ იცის, აშენდება თუ არა შსს-ს არქივისთვის ახალი შენობა, ან რომელ არსებულ ნაგებობაში განთავსდება ის. ეს საკითხი სამინისტროში უახლოეს მომავალში გადაწყდება.

 

დავით აფრასიძე ახალ სამსახურში მისვლას ორშაბათიდან – 4 ივნისიდან გეგმავს, თუმცა პოლიციის აკადემიაში ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს. მას მიაჩნია, რომ პოლიციის აკადემია შსს-ს სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გამართულად მომუშავე სტრუქტურაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი