ახალი ამბები

შესაძლოა ივანიშვილის კომპანიები 20 მილიონით დააჯარიმონ

31 მაისი, 2012 •
შესაძლოა ივანიშვილის კომპანიები 20 მილიონით დააჯარიმონ

დღეს, 31 მაისს საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილის კომპანიების – შპს ”ბურჯისა” და შპს ”ელიტა ბურჯის”– კოალიცია ”ქართულ ოცნებასთან” ფინანსურ კავშირს იკვლევს.

 

მაკონტროლებელი უწყების ინფორმაციით, კონტროლის პალატის დაინტერესების მიზეზი გახდა ”ბურჯისა” და ”ელიტა ბურჯის” მიერ კოალიცია ”ქართული ოცნებისთვის” 200-ზე მეტი ავტომობილის შესყიდვის ფაქტი, რომელთა საერთო ღირებულება 4 მილიონ ლარს აღწევს.

 

კონტროლის პალატის ცნობით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური იკვლევს, თუ რამდენად კანონიერია პოლიტიკური კოალიციისა და კერძო კომპანიების ბიუზნესურთიერთობა.

 

თუ კონტროლის პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარიგება უკანონოა, მაშინ შპს ”ბურჯსა” და შპს ”ელიტა ბურჯს” საეჭვო თანხის,4 მილიონის, ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება ემუქრებათ.

 

კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ჯერ არ იცნობს კონტროლის პალატის განცხადებას და, შესაბამისად, საქმის კურსში არ არის.

 

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანია ”მენეჯმენტ სერვისი”, რომელიც ”ქართული ოცნებისთვის” ოფისებს რეგიონებში ქირაობდა, კონტროლის პალატამ მიმდინარე წლის 14 მაისს უკვე დააჯარიმა 4 მილიონ 760 ათასი ლარით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა და რამდენიმე დღის წინ ”მენეჯმენტ სერვისის” საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დააკამყოფილა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი