ახალი ამბები

“გირჩი” ივანიშვილს და პრემიერს მოუწოდებს, გეგიძის კანდიდატურა ჯაფარიძის სასარგებლოდ მოხსნან

23 სექტემბერი, 2016 • 1388
“გირჩი” ივანიშვილს და პრემიერს მოუწოდებს, გეგიძის კანდიდატურა ჯაფარიძის სასარგებლოდ მოხსნან

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“  ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, რომ ვაკის მეორე ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი  მოხსნან.

“ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებიან თქვენი ბიძინა გეგიძე და ჩვენი ზურა ჯაფარიძე.  დარწმუნებული ვართ, ბატონი ბიძინა გეგიძე კარგი ადამიანია და რაგბიც ჩვენი თამაშია. რეალობის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოშიც ყველაზე ცუდი პარლამენტარი სავარაუდოდ არ იქნება. ზურა ჯაფარიძე ის პოლიტიკოსია, რომელმაც ოთხ წელიწადში დაამტკიცა, რომ არასწორი ნაბიჯების გამოცნობა, შედეგების წინასწარმეტყველება და ამის შესახებ დროულად გაფრთხილება შეუძლია. აღიარება საჭირო არ არის, მაგრამ მშვენივრად იცით, რომ წინასაარჩევნო პერიოდის ყველა აქტუალური თემა ზურას შექმნილია,” – აღნიშნულია წერილში.

 ამავე წერილის თანახმად, რომ არა ხელისუფლების ადმინსიტრაციული რესურსის გამოყენება და პოლიტიკოსების მიმართ მოსახლეობაში არსებული აპათია,  ბიძინა გეგიძეს პოლიტიკურ მოედანზე ზურა ჯაფარიძესთან ისეთივე შანსი ექნებოდა, როგორც ზურას ბიძინასთან რაგბის მოედანზე:

“ვაკეს პარლამენტში სჭირდება პრინციპებისა და ღირებულებების მქონე კომპეტენტური პოლიტიკოსი.  ბატონო ბიძინა, თქვენივე აღიარებითაც უამრავი საკადრო შეცდომა გაქვთ დაშვებული. მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები: პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია.   ბატონებო, გვაქვს წინადადება, თუ გნებავთ, რჩევა. მოხსენით ვაკეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს შეჯიბრი და მასში ბატონი ბიძინას გამარჯვება იქნება უსამართლობის დემონსტრირება, ვაკელების მორიგი იმედგაცრუება და თქვენი კიდევ ერთი შეცდომა,” – ვკითხულობთ წერილში. 

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ბლოკ  “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ერთად იღებს. ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო ბლოკის პარტიული სიის მე-12 ნომერია.

საქართველოს საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი