ახალი ამბები

“ქართული ოცნების” აქტივისტები კახეთში პოლიტიკური ნიშნით თავდასხმებზე საუბრობენ

31 მაისი, 2012 •
“ქართული ოცნების” აქტივისტები კახეთში პოლიტიკური ნიშნით თავდასხმებზე საუბრობენ

“ქართული ოცნების” დედოფლისწყაროს შტაბის უფროსი ალექსანდრე თამაზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ 31 მაისს, დილის 2 საათზე, უცნობმა პირებმა ოფისს ქვები ესროლეს.

“მაშინ ოფისში არ ვიყავით. დილით რომ მოვედით, ასეთი ვითარება დაგვხვდა, ქვები არის ნასროლი. ფანჯრები არ არის ჩალეწილი, ეტყობა, მიზანში ვერ მოარტყეს. კარზე არის მოხვედრილი და დაზიანებულია. სავარაუდოდ, აბრას უმიზნებდნენ. მეპატრონეს გაუგია ხმა და როგორც ის ამბობს, ეს ღამის 2 საათზე მოხდა. მაგრამ იქ რომ მივიდა, ვერაფერი დაიანახა”, – ამბობს ალექსანდრე თამაზაშვილი.

მისივე განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციას მიმართეს, ახლა ისინი ადგილზე არიან და იძიებენ ამ საქმეს.

პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს “ქართული ოცნების” თელავის შტაბის უფროსი ირაკლი სესიაშვილი თავდასხმას, რომელიც გუშინ, ღამის 10 საათზე თელავის “ქართული ოცნების” შტაბის წევრ გივი ოთარაშვილზე განხორციელდა:

“ეს ინციდენტი მოხდა გუშინ, საღამოს 10 საათისთვის. უცნობმა პირებმა მიაკითხეს ბატონ გივის სახლში, დაუძახეს, სიბნელე იყო. როდესაც გავიდა ბატონი გივი, ჰკითხეს, ხომ არ ჰყიდდა ავტომანაქანა “ნივას”. თუმცა გივის არანაირად არ ჰქონდა ინტერესი ამ ავტომობილის გაყიდვის. ამ დროს მას მიუახლოვდა ელექტრობოძის უკან დამალული უცნობი პირი, რომელიც შეეკითხა მეორე თავდამსხმელს, ეს ის არისო და ამის შემდეგ, როდესაც გივიმ თავი შემოატრილა, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს კისერში, რის გამოც ის მიწაზე დაეცა და როდესაც წაქცეულს ცემა დაუპირეს, ეს გაიგო მისმა მეუღლემ და მეზობლებს უხმო, რა დროსაც თავმდამსხმელები ავტომობილით, რომელიც იქ ელოდებოდათ, მიიმალნენ. ეს მიანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდათ განზრახული ამ ქმედების ჩადენა. ბატონ გივის სხვა ვინმესთან კონფლიქტი არ აქვს, წესიერი ადამიანია. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე”, – აღნიშნავს ირაკლი სესიაშვილი.

დაზარალებულ გივი ოთარაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ სიბნელე იყო, ვერ იცნო თავმდამსხმელები:  

“იმის გამო, რომ ბნელოდა, ვერ გამოვარჩიე, ვინ იყვნენ. მათ მკითხეს, “ნივას” ყიდიო? მე ვუპასუხე – არა-მეთქი. ამ დროს მეორე პირი უკნიდან მომიახლოვდა და ჰკითხა, ვისაც ვესაუბრებოდი, ეს არისო? და მოტრიალება დავაპირე, რა დროსაც ჩამარტყა კეფაში ბლაგვი საგანი. სხვა რაიმე პოლიტიკური განცხადება არ ყოფილა. პოლიციამ დამკითხა, მეუღლესა და სიდედრს კითხავენ ახლა”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში “ქართული ოცნების” აქტივისტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის, ზურა გვენეტაძის განცხადებით, დაწყებულია გამოძიება. დედოფლისწყაროში არის აღძრული საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, ეს არის სხვისი ქონების დაზიანება, ხოლო რაც შეეხება თელავის რაიონს, აქ აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი