დღეს, 30 მაისს ცნობილი გახდა, რომ გუშინ უშიშროების საბჭოსთან არსებული უწყებათშორისი კომისია საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარეს, ია მამალაძეს, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ნათია კუპრაშვილს და რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის ხელმძღვანელს, რამაზ სამხარაძეს შეხვდა. ინფორმაციას ”კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის” ავრცელებს.
კოალიციის ცნობით, შეხვედრას კომისიის ხელმძღვანელი, გიგა ბოკერია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბრის თემა ბოლო პერიოდში მედიაზე ზემოქმედების ფაქტების გახშირება და ამგვარი ფაქტების თავიდან აცილებისთვის ეფექტური პრევენციული ზომების შემუშავება იყო. ია მამალაძემ კომისიის წევრებს გადასცა ასოციაციისა და კოალიცია “არჩევანის თავისუფლებისთვის” მიერ ბოლოდროინდელი დარღვევების შესახებ თავმოყრილი მასალები.