ახალი ამბები

სააკაშვილი ლატვიელ ბიზნესმენებს ლაზიკაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს

30 მაისი, 2012 •
სააკაშვილი ლატვიელ ბიზნესმენებს ლაზიკაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს

“ლაზიკას ძალიან საინტერესო მდებარეობა აქვს და გირჩევთ, ამ ბიზნესშესაძლებლობაზე გაამახვილოთ ყურადღება. ჩვენ გვინდა დავნერგოთ ბრიტანული კანონი, რომელიც ლაზიკას საქართველოს კონსტიტუციით განსხვავებულ სტატუსს მიანიჭებს. იქვე მოქმედებს აეროპორტი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა გამართულია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რიგაში საქართველო-ლატვიის ერთობლივ ბიზნესფორუმზე.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესფორუმზე ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს ბიუროკრატიული ბარიერები, რაც ბიზნესმენებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ქვეყანას.

“საქართველოს ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოთ. 90-იან წლებში, როდესაც ამერიკაში იურიდიულ ფირმაში ვმუშაობდი, შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა გაერო-ს ასამბლეაზე. მას სურდა ინვესტიციები საქართველოში მოეზიდა და შეხვედრები გამართა ნიუ-იორკში. ჩვენ თავი მოვუყარეთ ამერიკის უმსხვილეს ინვესტორებს. მათ შევარდნაძეს ჰკითხეს, რისი შეთავაზება შეეძლო უცხოელი ინვესტორებისთვის. მისი პასუხი იყო, გვყავს კეთილმოსურნე ხალხი, გვაქვს ძალიან კარგი კლიმატი და, რაც მთავარია, ძალიან გემრიელი სამზარეულო.

 

ეს ყველაფერი არ შეცვლილა, მაგრამ დღეს ჩვენ ბევრად მეტის შეთავაზება შეგვიძლია. უპირველესად, ფაქტია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, საქართველო საუკეთესო ადგილია ბიზნესის საკეთებლად აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჩვენთან საკუთრების რეგისტრაციის ყველაზე სწრაფი პროცედურებია, ასეთივე სწრაფია საბაჟო პროცედურები და ტრანზაქციის შესაძლებლობა. საქართველოში მოქმედებს იუსტიციის სახლი, სადაც იურისტების დახმარებით რამდენიმე წუთში მიიღებთ ისეთ მომსახურებას, რასაც გაცილებით მეტი დრო სჭირდება სხვა ქვეყნებში. ბიუროკრატიული პროცედურები იმდენად არის გამარტივებული, რომ ამ მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ახალი ზელანდიის გვერდით დგას. ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა. განსაკუთრებით ახალ წევრებს ვგულისხმობ. გზები, აეროპორტები, საზღვაო პორტები ძალიან კარგ მდგომარეობაშია.

 

ზღვის პირას ახალ საპორტო ქალაქ ლაზიკას ვაშენებთ. უკვე გვაქვს პორტები ბათუმში, რომელიც ყაზახური ოპერატორის მიერ იმართება, ფოთში, რომელიც „მაერსკიმ“ შეიძინა და ასევე, ყულევის ტერმინალი, რომელშიც აზერბაიჯანული კომპანია დებს ინვესტიციას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

მიხეილ სააკაშვილმა ლატვიელ ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ ინვესტიციები ლაზიკას განვითარებაში ჩადონ და კონკრეტული პროექტები განახორციელონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი