ახალი ამბები

განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია დამღუპველია – ეკა გიგაურის პასუხი ივანიშვილს

22 სექტემბერი, 2016 • 1830
განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია დამღუპველია – ეკა გიგაურის პასუხი ივანიშვილს

“დამღუპველია განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია”, – ეს განცხადება ნეტგაზეთთან საუბარში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა გააკეთა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი სატელევიზიო ეთერის კომენტირებისას.

ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებს ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში კიდევ ერთხელ დებს ბრალს. ივანიშვილმა არასამთავრობოები გააკრიტიკა იმ კომენტარისთვის, რაც მათ გააკეთეს 26 მაისის კადრების წინასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნების გამო: “გიგაური იქნებოდა, ალბათ, პაგონებიანმა გიგაურმა, ფულზე რომ იყო საუბარი, გიგაურმაც მიიღო პაგონები. მე არ ვიცი ეს ჭორები, მაგრამ უწერენ მაგასაც. ესენი გამოდიან…”.

“ზოგადად ვიცით მისი მწვავე დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მიმართ. მეც რომ არ ვუყვარვარ პირადად, ძალიან კარგად ვიცი. რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ძირითად დროს უთმობს ყველა იმ ადამიანზე ლაპარაკს, თან არაეთიკურად, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი აქვს და ეს, მგონი, არასწორია. თუმცა, თუ “ოცნებამ” გადაწყვიტა ასეთი წინასაარჩევნო კამპანია წარმართოს, ეს მათი არჩევანია. რაც შეეხება [არასამთავრობო] სექტორს, ყველა ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს, ფაქტობრივად, ორ ან რამდენიმე ცეცხლს შორის არის. “ოცნების” მომხრეებს და პარტიას ზოგადად ნაცმოძრაობასთან დაახლოებულები ვგონივართ და ნაციონალურ მოძრაობას – “ქართულ ოცნებასთან”. ამას ზოგჯერ საჯაროდაც ამბობენ, თუმცა არასაჯაროდ სულ ამას გვეუბნებიან. ასევე ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და არავის ინტერესებს არ ვატარებთ. დამღუპველია განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი რეაქცია. ჩვენ სამოქალაქო სექტორში არ გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაფერი, რასაც ვამბობთ, სწორია. ზუსტად ამიტომ ყოველთვის მზად ვართ თემატური დისკუსიისთვის. არაეთიკურად ვინმეზე ლაპარაკი კი ჩვენი საქმე არ არის”, – ამბობს ეკა გიგაური ნეტგაზეთთან საუბარში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი