ახალი ამბები

რუსეთთან ურთიერთობა და ოკუპაცია – კვირიკაშვილის გამოსვლა გაეროში

22 სექტემბერი, 2016 •
რუსეთთან ურთიერთობა და ოკუპაცია – კვირიკაშვილის გამოსვლა გაეროში

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილამა გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და საქართველოს მიერ მოპოვებულ წარმატებებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მდგრადი განვითარება არასრულია, თუკი ის მოწყვეტილია უსაფრთხოების ყოვლისმომცველ საკითხს, რასაც საქართველოში არსებული მწარე რეალობა ყოველდღიურად ქმნის, რადგან ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ.

“ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს”, – აცხადებს პრემიერმინისტრი.

კვირიკაშვილის თქმით, ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს.

პრემიერმინისტრმა დაგმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარების ფაქტი, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ყველაფერი ეს ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ყველა ნაბიჯს, დაამყაროს რუსეთთან ისეთი ურთიერთობები, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი,  ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო ქმედება.

“კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. ჩვენ მომავალშიც მოვახდენთ რეაგირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და გავაერთიანებთ საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ერთმანეთთან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას. ამ მიზნით ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით ჩვენი ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია ძლიერი და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე, მათ შექმნეს თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია, თავისუფალი ბაზარი, საზოგადოების ერთიანობა, კანონის უზენაესობა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის თავისუფლების მხრივ საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში, რაც უზრუნველყოფს ღიაობას და გლობალურ ბაზრებში ინტეგრაციას, ასევე, საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის თანასწორ შესაძლებლობებს.

პრემიერმინისტრის თქმით, 2016 წელს მთავრობამ დაიწყო რეფორმების ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს საქართველოს ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რაც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება, ასევე – რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.

კვირიკაშვილის თქმით, ეფექტური მმართველობის განსამტკიცებლად მთავრობის მიზანია, საჯარო მომსახურება კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახადეს ბიზნესისთვის, რის გამოც თბილისში „ბიზნესსახლის“ პროექტის განხორციელება დაიწყეს. 

პრემიერმა აღნიშნა, რომ ეფექტური მმართველობისთვის არსებითია სამართლიანი და ეფექტური საგადასახადო სისტემა, მაგრამ მთავრობა დღესაც აგრძელებს გადასახადების ლიბერალიზაციას იმისთვის, რომ ბიზნესმა განახორციელოს ინვესტიციები და ამით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.

პრემიერმინისტრის თქმით, დღეს საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში და მზად არის იქცეს დამწყები ბიზნესისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნად.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარების მსურველი ადამიანებისთვის. მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს დღეს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისი თქმით, მთავრობამ შეცვალა განათლების სისტემა ისე, რომ სარგებელი მოუტანოს ყველა მოქალაქეს და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა თავისი ადგილი იპოვოს კონკურენტულ შრომის ბაზარზე.

პრემიერმინისტრი შეეხო ჯანდაცვის პროგრამას, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა დაზღვეულია და ასობით ათასი ადამიანისთვის სამედიცინო მომსახურება პირველად გახდა ხელმისაწვდომი, ასევე, ინვესტიციების წახალისების შედეგად, ახალ კერძო საავადმყოფოებში განხორციელდა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია.

პარტნიორების დახმარებით შეიქმნა სპეციალური პროგრამები განსაკუთრებით პრობლემურ დაავადებებთან საბრძოლველად და საქართველო სულ მალე გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება C ჰეპატიტი. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ინიციატივის ფარგლებში დახმარებისთვის, განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, ყველა საქართველოს მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც ინტენსიური რეფორმების შედეგად გამოირჩევა დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ზომები მიიღო კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად, განახორციელა სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა, გააფართოვა ბრალდებულთა უფლებები და წერტილი დაუსვეა ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სამ კვირაში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც სამი თვის წინ დაიწყო, მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება. 

პრემიერის თქმით, 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და საქართველოს დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი