ახალი ამბები

სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

30 მაისი, 2012 • • 914
სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

კონსტიტუციას დაემატა შემდეგი შინაარსის 104/4 მუხლი, რომელიც გარდამავალ დებულებებში ჩაიწერა.

კერძოდ, 2014 წლის პირველ იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან (21 წლიდან) ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება 29–ე მუხლის 1 პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, ვინც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

თუმცა, ახალი რედაქციით, ეს ცვლილებები არ შეეხება ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1 პრიმა პუნქტს.

საკონსტიტუციო ცვლილებები ბიძინა ივანიშვილს აძლევს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას იმის მიუხედევად, რომ მას არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა, კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, რომ ხელი არ მოეწერა ამ ცვლილებებისთვის. 

“მე არ ვაპირებ ჩემი პოლიტიკური უფლებები კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის ფასად მოვიპოვო . . . თქვენ (მიხეილ სააკაშვილი) ვერ მოახერხეთ ჩადენილი შეცდომის (მოქალაქეობის ჩამორთმევა) გამოსწორება ცივილიზებული, კანონიერი და ღირსეული გზით (ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მონიჭება) და ახალ, გაცილებით მძიმე შეცდომას უშვებთ. ამ ცვლილებების მიხედვით, თუ პირს, რომელიც ერთდროულად ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეცაა და საქართველოს მოქალაქეც, არ შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ხოლო თუ იგივე პირი უარს იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე, მაშინ მას შეუძლია გახდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამგვარი აბსრუდი, მართლაც რომ, პირველია მსოფლიოში…” – აღნიშნა ღია წერილში ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი