ახალი ამბები

პრეზიდენტმა ცვლილებებს ხელი მოაწერა, ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

30 მაისი, 2012 • • 1231
პრეზიდენტმა ცვლილებებს ხელი მოაწერა, ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ბიძინა ივანიშვილს აძლევს შესაძლებლობას, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და დაიკავოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობები.

ბიძინა ივანიშვილმა კი პრეზიდენტს 22 მაისს გაუგზავნა ღია წერილი და მოუწოდა, არ მოეწერა ხელი მსგავსი საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

როგორც ივანიშვილმა განმარტა, წერილში “ის არ აპირებს პოლიტიკური უფლებები კონსტიტუციის შეურაცხყოფისა და სახელმწიფოს ნგრევის ფასად მოიპოვოს”.

თუმცა პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა ივანიშვილის რჩევა და საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ძალაშია. შესაბამისად, ივანიშვილი არ აპირებს აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებებით ისარგებლოს და არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.   

“მე (ბიძინა ივანიშვილი) არ გავხდები ანტისახელმწიფოებრივი ქმედების თანამონაწილე, არ ვისარგებლებ აღნიშნული კონსტიტუციური ცვლილებებით და არ მივიღებ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. გავაგრძელებ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას იმ ფარგლებში, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – მირჩევნია, კანონის ზღვარზე ვიარო, ვიდრე თქვენთან ერთად გავიდე ანტისახელმწიფოებრივ და  ანტიკონსტიტუციურ სივრცეში”, – აღნიშნა ივანიშვილმა ღია წერილში.

როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა 29 მაისს, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ივანიშვილის გეგმებში კი არაფერი არ შეცვლილა. 

კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია 27 მაისს დაიწყო. ივანიშვილი კოალიციის ლიდერი იქნება და ნაცვლად ხელისუფლების მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებით სარგებლობისა, არჩევნებში მონაწილეობას კოალიცია “ქართული ოცნება” მიიღებს.

ივანიშვილი პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ღია წერილში მოქალაქეობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მზად არის ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მიმართოს ისეთი განცხადებით, რომელზეც  მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო მოხელეები მიუთითებენ.

შეგახსენებთ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ 4 აპრილს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღება არ შეუძლია და მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის არჩილ კბილაშვილის განცხადებით კი, ჯერჯერობით არანაირი განცხადება ბიძინა ივანიშვილისგან შესული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი