ახალი ამბები

უჩა ნანუაშვილი ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს: თუ ვინმეს ჩვენი პოზიცია არ მოსწონს, მისი პრობლემაა

21 სექტემბერი, 2016 • 1749
უჩა ნანუაშვილი ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს: თუ ვინმეს ჩვენი პოზიცია არ მოსწონს, მისი პრობლემაა

“სახალხო დამცველი თუ ასეთ აზრებს გამოთქვამს სასამართლოს დასრულებამდე, ძალიან ცუდია. თუ ის ასწრებს სასამართლოს და მის საქმეებში ერევა…”, – ეს განცხადება ექსპრემიერმა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის აპარატის მიერ სასამართლოს მეგობრის ფარგლებში დაფიქსირებული პოზიციის გამო.

ივანიშვილის თქმით, სახალხო დამცველის პოზიციას პირადად არ გასცნობია და მხოლოდ იმ ჟურნალისტის მონაყოლს ეყრდნობა, რომელმაც ამის თაობაზე შეკითხვა დაუსვა:

“მე არ მომისმენია, თუ თქვენ ამბობთ თვითონ, რომ ასწრებს სასამართლოს… ეს ცუდია. არ არის დამტკიცებული ის, რომ მათ ეს ჯიბეში ჩაიდეს და ეს ვერ დაამტკიცა პროკურატურამ, მაგრამ არამიზნობრივად არის გაფლანგული 5 მილიონი ლარი და ჩემი აზრით, ეს მაინც სერიოზულ კითხვებს იწვევს. თუმცა მე სულაც არ ვარ მოსამართლე და არ ვაპირებ დასკვნების გაკეთებას. დაველოდოთ სასამართლოს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამარლოში “კაბელების საქმეზე” სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. “კაბელების საქმის” მსჯავრდებულების საკონსტიტუციო სარჩელში სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) არაკონსტიტუციურობაზეა საუბარი. ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ამბობს, რომ ეს ნორმა ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და ნათლად არ ადგენს, არის თუ არა ანგარების მოტივი აუცილებელი გაფლანგვის ჩასადენად. სწორედ 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო არის მსჯავრდებული “კაბელების საქმეზე” თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი.

“ეს მისი [ივანიშვილის] აზრია. რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება გააკრიტიკოს სახალხო დმაცველი, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით. სახლახო დმაცველს აქვს სრული უფლებამოისლება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს სასამართლოს მეგობრის პოზიცია და წარადგინოს, მათ შორის, გაამახვილოს ყურადღება საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესახებ. ჩვენ სწორედ ამ საქმიანობას ვახორციელებთ კანონის შესაბამისად. თუ ვინმეს არ მოსწონს ჩვენი პოზიცია, მე ვფიქრობ, ეს მისი პრობლემაა და არა სახალხო დამცველის”, – ასე უპასუხა ომბუდსმენმა ივანიშვილის კრიტიკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი