რუსმა ჟურნალისტმა, ინტერნეტ-ტელევიზია სოტნიკ ტვ-ის დამფუძნებელმა ალექსანდრე (საშა) სოტნიკმა რუსეთის ფედერაცია დატოვა და ცხოვრებას საქართველოში გააგრძელებს. ამის შესახებ სოტნიკი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომელიც სოტნიკ ტვ-ის იუთუბ-არხზე გამოქვეყნდა.
სოტნიკის თქმით, რუსეთს ტოვებს, რადგან ემუქრებიან, რომ შესაძლოა დააპატიმრონ.
“ეს არ არის ემიგრაცია, ეს არის იძულებითი ევაკუაცია, გარკვეული პერიოდით’, – ამბობს სოტნიკი და დასძენს, რომ ოპერატორები რუსეთში რჩებიან და სოტნიკ ტვ მუშაობას გააგრძელებს.
სოტნიკი გამოირჩევა კრიტიკული დამოკიდებულებით რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ და კრემლის სხვადასხვა გადაწყვეტილების შესახებ მას არაერთი ქუჩის გამოკითხვა აქვს ჩატარებული, სადაც რუსეთის მოქალაქეებს პოზიციის დაფიქსირების საშუალებას აძლევდა. youtube-ზე მისი ზოგიერთი ვიდეო 1,5 მილიონამდე მომხმარებელს აქვს ნანახი.








