ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: შეგიძლიათ მენდოთ სიტყვაზე

28 მაისი, 2012 •
მიხეილ სააკაშვილი: შეგიძლიათ მენდოთ სიტყვაზე

“მომიტევეთ, ვერიდებოდი თქვენს კოცნას იმიტომ, რომ სამი დღეა საშინლად გაციებული ვარ, ხმა დავკარგე, მაგრამ აქ არ მოვსულვარ სამკურნალოდ, დღეს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს არ მივმართავ ამ კლინიკაში. თუმცა მთავარი, რაც იცვლება, მეგობრებო, არის, რომ ამიერიდან პრეზიდენტიც, მინისტრებიც,  მილიონერებიც და თითოეული თქვენგანი, ამ რაიონის მაცხოვრებელი, ავანგარდის მაცხოვრებელი, ავტოქარხნის მაცხოვრებელი, საფიჩხიის მაცხოვრებელი, ყველა არის თანასწორი, ყველა ვიქნებით ერთნაირ პალატებში, ერთნაირ კლინიკებში, მივიღებთ ერთნაირ სამედიცინო მომსახურებას, ერთნაირად იქნება ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ქუთაისში ახალი საავადმყოფოს გახსნის დროს.

ახალი 100-საწოლიანი კლინიკა ქუთაისში, სამხარეო კლინიკური საავადმყოფოს ნაცვლად, “ალდაგი ბისიაის” მიერ აშენდა.

“როგორც ამირანმა მოსტაცა ცეცხლი ღმერთებს, ასევე, ჩვენ  ჯანდაცვა მოვტაცეთ ხელიდან ერთ მუჭა ელიტას და მოგიტანეთ თქვენ და მოგიტანეთ ამ ექიმებთან ერთად, რომლებიც ადრე ბევრად უფრო დაჩაგრულ მდგომარეობაში იყვნენ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ქუთაისში პარლამენტის გადატანის შედეგად არსებულ პერსპექტივებზე, კერძოდ, სააკაშვილის თქმით, ქუთაისში შენდება საერთაშორისო აეროპორტი, რომლითაც, პრეზიდენტის ვარაუდით, ნახევარი მილიონი მგზავრი მომავალ წელს უკვე ისარგებლებს:

“ეს ნიშნავს, რომ ეს ნახევარი მილიონი გაივლის ქუთაისს, შევა კაფეებში, შევა პატარა საყოფაცხოვრებო ობიექტებში, გაჩერდება სასტუმროებში. ქუთაისში ვის ჭირდებოდა სასტუმრო? – ჩვენ ხომ კარგად ვიცით. ქუთაისში ვის ჭირდებოდა თუნდაც ამდენი კაფე-რესტორანი? – ხალხს არ ჰქონდა საშუალება, მაქსიმუმ ბიკენტის დუქანში ჰქონდა შესასვლელი საშუალება, თუმცა ახლაც, მე მგონი, ახლებს ისევ ის ჯობია. რეალურად რომ ვთქვათ, საერთოდ, სხვა საშუალებები გაჩნდება თანდათან. მოძრაობა უნდა დავიწყოთ, საქართველოში ყველგან უნდა იყოს ცენტრი.”

სააკაშვილის თქმით, მან ძალიან კარგად იცის, რომ ქუთაისში ყველა ისე ვერ ცხოვრობს, როგორც პარლამენტში:

“მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ქუთაისში, მართალია, წყალი გაუმჯობესდა, მაგრამ უმეტეს ადგილებში არის მაინც გრაფიკით და ზოგან შეიძლება საერთოდ არ იყოს. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ მარტო ფასადების მოშენებით შენობებზე და თან ცალმხრივად, ჯერჯერობით თქვენი საყოფაცხოვრებო და ყველა პრობლემა ნამდვილად არ წყდება, მაგრამ ერთი რამე არის, რომ საიდანღაც უნდა დავიწყოთ ყველაფერი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აგვისტოში დაიწყება წყალტუბოს რეაბილიტაცია, რისთვისაც ასეული მილიონი ლარი დაიხარჯება იმისათვის, რომ, როგორც სააკაშვილი ამბობს, წყალტუბოში 3-4 წელიწადში 500-600 ათასი დამსვენებელი ჩავიდეს.

პრეზიდენტის თქმით, უკვე რეაბილიტირებულია კურორტი საირმე, მომავალ წელს ავტობანი თბილისიდან ქუთაისამდე ჩავა, ამოქმედდება ჩქარი მატარებელი, რომლითც 1.40 საათში იქნება შესაძლებელი თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობა:

“ასე რომ, მე მინდა უბრალოდ გითხრათ, ეს არის, რასაც ჩვენ ვუყურებთ, დასაწყისის დასაწყისის დასაწყისი. მთავრობის წევრები, როცა ცოტა ზედმეტის საშუალებას აძლევენ საკუთარ თავს, მე ამათ რიცხვს არ მივეკუთვნები, არც ისეთ უხეშ ოპონენტებს, რომ რაღაცა უხეშ ფორმაში დავდო, რომ ყველაფერი ასე იქნება. შეგიძლიათ მენდოთ სიტყვაზე, მე არც ერთი თქვენთვის მოცემული სიტყვა არ დამირღვევია და არც ამ სიტყვას დავარღვევ,” – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქუთაისი არის ქვეყნის გეოგრაფიული ცენტრი და ახლა უკვე ქვეყნის ერთ-ერთი პოლიტიკური ცენტრი:

“ამით, მე დარწმუნებული ვარ, თბილისი მხოლოდ გაძლიერდება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი