ახალი ამბები

სააკაშვილი ოცნებაზე ალაპარაკდა

28 მაისი, 2012 • 1389
სააკაშვილი ოცნებაზე ალაპარაკდა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ქუთაისში ახალი კლინიკის გახსნის დროს განაცხადა, რომ დღეს მისი ახდენილი ოცნების დღეა:

“მთელი ეს პერიოდი ასობით მილიონობით დოლარი აიღო, კრედიტის სახით, 90–იან წლებში მაშინდელმა საქართველოს მთავრობამ და ერთი საავადმყოფო გაარემონტეს, ღუდუშაურის კლინიკა თბილისში და ისიც ბოლომდე ვერ გააკეთეს. ოდესმე თუ ყველგან ავაგებდით ასეთს ნულიდან, თან ისე, რომ არავისგან არაფერს არ ვისესხებდით და, უბრალოდ, კერძო სექტორი ჩადებდა ფულს და მერე დაგაზღვევდით, ამაზე ოცნებაც კი არ იყო.

ამიტომ დღეს არის ჩემი და თქვენი ახდენილი ოცნების დღე, ჩვენი შესრულებული მიზნების ასრულების დღე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩვენი მიზნების. ჩემი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში არ იყოს გაჭირვებული, უპოვარი, უმუშევარი, არ იყოს უპერსპექტივო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საკუთარ ოცნებებზე ისაუბრა გუშინ, 27 მაისს, მრავალათასიანი მიტინგის დროს ბიძინა ივანიშვილმა:

“ჩემი ოცნება ყოველთვის იყო ძლიერი, განვითარებული, ბედნიერი საქართველო. ჩემი ოცნება იყო ქართული სახელმწიფო, როგორც თავისუფალი ადამიანების საზოგადოება, სახელმწიფო, სადაც მისი ყოველი მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, სადაც პატივს სცემენ ადამიანის ღირსებას და ყველას აქვს საშუალება, საკუთარი ნიჭითა და შრომით მიაღწიოს წარმატებას. ასეთი იყო ჩემი ოცნება და ასეთად რჩება დღესაც.”

ივანიშვილის ოცნებების ნუსხაშია, ასევე, ის, რომ “დადგეს ის დღე, როდესაც ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ისეთ ქვეყანაში, სადაც მათზე იმსჯელებენ არა სოციალური მდგომარეობის, არამედ იმის მიხედვით, თუ რას წარმოადგენენ ისინი!”

მასალების გადაბეჭდვის წესი