ახალი ამბები

მთავრობას ასოცირების შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ

19 სექტემბერი, 2016 • 1985
მთავრობას ასოცირების შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის მთავრობას მოუწოდებს, საჯარო გახადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის საპროექტო ტექსტი, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელნიც დაინტერესებული არიან ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობაში, საშუალება მიეცეთ გაეცნონ მას, იმსჯელონ და საჭიროებისამებრ წარმოადგინონ რეკომენდაციები მის გასაუმჯობესებლად:

“საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობა განსაზღვრულია თავად შეთანხმებით (თავი 20; მუხლი 370 ა, ბ) და გამყარებულია საქართველოს ხელისუფლების პოზიტიური პრაქტიკით. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გააღრმავებს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის სასიკეთო პრაქტიკას, გაითვალისწინებს ევროკავშირის პოზიტიურ დამოკიდებულებას ამგვარი ნაბიჯისადმი და გაასაჯაროებს  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის საპროექტო ტექსტს”,- ნათვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წელს მოეწერა. ამის შემდეგ მხარეებმა შეიმუშავეს განხორციელების მრავალ წელზე გათვლილი შეთანხმების პირველ სამ წელიწადში განსახორციებელი 2014-2016 წლების დღის წესრიგი. ამ დღის წესრიგის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამტკიცებდა ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას განმახორციელებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის. სამოქალაქო სექტორი, თავის მხრივ, საკუთარ მოსაზრებებს უზიარებდა საქართველოს მთავრობას დღის წესრიგის სამოქმედო გეგმების სავარაუდო შინაარსსა და მის აღსრულებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი