ახალი ამბები

თბილისი “გაუგებრობას” უწოდებს სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე

28 მაისი, 2012 • 1657
თბილისი “გაუგებრობას” უწოდებს სერბეთის პრეზიდენტის განცხადებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე

ნინო კალანდაძე სერბეთის პრეზიდენტის კომენტარის შეფასებისას ორ ქვეყანაში მომხდარ მსგავს ისტორიულ მოვლენებზე აკეთებს აქცენტს:   

 

“ქართველ ხალხს სერბების მსგავსი ისტორიული წარსული აქვთ. ასევე, ჩვენს ქევყნებს შორის არის მჭიდრო კავშირი, რაც თან სდევს მართლმადიდებლურ  ქრისტიანობას. ოთხმოცდაათიან წლებში ორივე სახელმწიფოში ტრაგიკული მოვლენები განვითარდა. როგორც საქართველოს, ასევე, სერბ ხალხს არჩეული აქვს ევროპული მისწრაფებები. შესაბამისად, ყველასთვის ნათელია, რომ ევროკავშირი ცალსახად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლინობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სერბეთის ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის დაცვა, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვას”, – აღნიშნავს კალანდაძე. 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე, დარწმუნებულია, რომ როგორც ორმხრივ კონსულტაციებში, ისე ევროკავშირთან ურთიერთობებში, ამ საკითხს სწრაფად მოეფინება ნათელი.

სერბეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა
სერბეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა

 

რადიო “ეხო მოსკვის” ცნობით, ტომისლავ ნიკოლიჩმა, რომელიც მიმდინარე წლის 20 მაისის არჩევნების შედეგად იქნა არჩეული სერბეთის პრეზიდენტად, აღნიშნულ რადიოსადგურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სერბეთის პარლამენტმა შესაძლოა უახლოეს მომავალში განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. მისივე თქმით, ამ სიტუაციას შედარება კოსოვოსთან დაუშვებელია. სერბეთის ყოფილმა ავტონომიურმა რესპუბლიკამ – კოსოვომ, დამოუკიდებლობა 2008 წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს 90 წევრ ქვეყანას (მათ შორის აშშ-ს, გერმანიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს) და ჩინეთს.

 

კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით რუსეთი მხარს უჭერს სერბეთს, რომელიც არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ნიკოლიჩი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, შაბათს, 26 მაისს შეხვდა.

 

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ამ დროისთვის აღიარებული აქვთ რუსეთს, ვენესუელას, ნაურუს, ტუვალუსა და ვანუატუს.

მასალების გადაბეჭდვის წესი