ნეტგაზეთი | მერიაში აცხადებენ, რომ “პატრიოტთა ალიანსს” დააჯარიმებენ მერიაში აცხადებენ, რომ “პატრიოტთა ალიანსს” დააჯარიმებენ – Netgazeti

მერიაში აცხადებენ, რომ “პატრიოტთა ალიანსს” დააჯარიმებენ

თბილისის მერია თამარ ხიდაშელის საარჩევნო პლაკატების „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატებით დაფარვის ფაქტს ეხმაურება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 7 1 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია და კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.

“მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით და მისი ორგანიზაციული მხარდაჭერის მიზნით, დედაქალაქის მთავრობამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები განსაზღვრა. თამარ ხიდაშელის სააგიტაციო პლაკატები სწორედ დადგენილი წესის დაცვით იყო გაკრული.

ამასთან, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 80-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა ისჯება ფულადი სანქციით, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, „უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი“. ამგვარი უფლებამოსილებით აღჭურვილი თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულია ზედამხედველობის საქალაქო სამსახური,” – აღშნულია მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, აღნიშნული გარემოებებიდან  გამომდინარე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ქმედებაზე ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ რეაგირება მოხდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სამომავლოდ, დადგენილი წესით დაჯარიმდება ყველა ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის პროცესში დაარღვევს ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსით“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგადი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ 2014 წლის 5 დეკემბრის N16-38 დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტებს მერიის ზედამხდველობის საქალაქო სამსახური დღეს გამაფრთხილებელი შინაარსის წერილითაც მიმართავს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.