ახალი ამბები

ივანიშვილი: “მაესტრომ” თავის დახსნა მოახერხა, “კავკასია” აღარ კეკლუცობს

19 სექტემბერი, 2016 • 2199
ივანიშვილი: “მაესტრომ” თავის დახსნა მოახერხა, “კავკასია” აღარ კეკლუცობს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მედიის თავისუფლების მხრივ წინა ხელისუფლების დროს საქართველო ასეულს მიღმა იმყოფებოდა, ხოლო დღეს არც ერთი მედიაა პროსახელისუფლებო. ყოფილი პრემიერის თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მედიასაშუალებები ტოტალურად კონტროლირდებოდნენ.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა მედია საშუალებების შესახებ დღეს, 19 სექტემბერს, სამცხე–ჯავახეთში რეგიონალურ მედიასთან მორიგი შეხვედრის დროს ისაუბრა. ივანიშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2” დღეს აბსოლუტურად აგრესიულად ეწევა ენმ–ის აგიტაციას, ხოლო “ტაბულა” ამ კუთხით შედარებით უფრო რბილია:

“მედიათავისუფლების მიხედვით, დღეს საქართველოში მედია უფრო თავისუფალია, ვიდრე იტალიაში, უნგრეთში, სამხრეთ კორიაში, იაპონიაში და შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდევ სხვა ევროპის ქვეყნები. 2012 წელს ვიყავით ასეულს მიღმა;  104–ე ადგილს იჭერდა მედიათავისუფლების მხრივ საქართველო. ჟურნალისტები ბრძანდებით და დღეს თუ ვინმე მეტყვის პროსახელისუფლებო მედია არსებობსო, ვიტყოდი, რომ ხელისუფლებას არანაირი მედიასაკუთრება არ გააჩნია, არანაირი ზედმეტი გავლენა მედიაზე არ აქვს… ერთადერთი, დასაკუთრებული და კორპორაციული მედია ჰყავს ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” – არა მარტო “რუსთავი 2”, კიდევ არიან სხვები, ტაბულაც და სხვებიც არიან იქ. “ტაბულა” შედარებით უფრო რბილია, “რუსთავი 2″ აბსოლუტურად აგრესიულად ეწევა ენმ–ის აგიტაციას, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, კარგად მოგეხსენებათ.”

ივანიშვილი იხსენებს 2011 წელს მის მიერ გამოქვეყნებულ პირველ წერილს, სადაც “მაესტროსა” და “კავკასიას” ფსევდოტელევიზიები უწოდა და დაადანაშაულა იმაში, რომ ეს ტელევიზიები მიხეილ სააკაშვილის მიერ კონტროლირდებოდნენ. მისი თქმით, 26 მაისის მოვლენების დროს “მაესტრომ” არაობიექტური გაშუქებით გადააჭარბა “რუსთავი 2″–საც და “იმედსაც”.

“რა იყო საქართველოში მედიის მხრივ, ესეც გავიხსენოთ: მახსოვს, ჩემი პოლიტიკაში მოსვლიდან პირველსავე წერილში მოვიხსენიებდი, რომ მედია ტოტალურად არის მთავრობის ხელში და კონტროლირდება სააკაშვილის მიერ. ორი ფსევდოტელევიზია დავასახელე მაშინ და აგრესიული განცხადებები გააკეთეს “კავკასიამაც” და “მაესტრომაც”, მახსოვს. მაესტრომ მოახერხა თავის დახსნა და კავკასია საბოლოოდ, მე მგონი, დღევანდელი პოზიციიდანაც თუ შევხედავთ, აღარც კეკლუცობს – უფრო აფორმებს იმ ჩემს ძველ შენიშვნებს, რაც მქონდა და ღმერთმა მოახმაროს. მაშინ ფსევდოტელევიზიებად მოვიხსენიე ისინი და ნამდვილად ასეც იყო. თუ ამ ისტორიას გადავხედავთ, ფაქტები ბევრია, თუ გინდ “კავკასიას” გავიხსენებდი და არავითარი პრეტენზია არ ამქვს; ელემენტარულად მახსოვს, როგორი აგრესიული გამონათქვამები ჰქონდათ, თუ როგორ გავბედე ასეთი რამის თქმა. რეალობა იყო ასეთი: ორი ფსევდოოპოზიციური ტელევიზია იყო და ძალიან ხშირად უფრო ცუდ როლს თამაშობდნენ – ისინი “აპრავებდნენ”, აჩვენებდნენ უცხოეთს, რომ “ორთქლი ამოეშვათ”, თითქოს ოპოზიციური ტელევიზიაა და ოპონირებენ. გაიხსენეთ 26 მაისის წინ, როგორ იქცეოდა “მაესტრო” – გადააჭარბა “იმედსაც” და “რუსთავი 2″–საც, ისე მაგრად დაუდგა [წინა ხელისუფლებას], როცა გაუჭირდათ,” – ამბობს საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი.

შეხვედრების ციკლის ერთ–ერთი მოდერატორის რეპლიკაზე, რომ ერთი პერიოდი, 2007 წელს, როდესაც იმედი დახურეს, “კავკასია” იყო ერთადერთი არხი, სადაც შეიძლებოდა სიმართლე გაგეგო, ივანიშვილი აცხადებს:

“სიმართლის გაგება, იმის, რაც საზოგადოებამ ისედაც იცოდა – რომ კლავდნენ, იჭერდნენ, ციხეში ყრიდნენ და აწამებდნენ… პირდაპირი ფაქტებით ვიცოდით ეს ყველაფერი და იქ თავის ამოყოფა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ უცხოეთისთვის ეჩვენებინათ, საქართველოში არის ოპონენტი/ოპოზიციური მედია. რეალურად, როცა გაუჭირდებოდათ… ეს მე დავახასიათე ჩემს პირველსავე წერილში და მაგაზე ბევრ დროს არ წაგართმევთ.”

ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ ღია წერილში “კავკასიის” ხელმძღვანელს, დავით აქუბარდიას მიმართა და განაცხადა, რომ ის განათლებული ადამიანია, თუმცა ხშირად ღალატობს საკუთარ თავს, საკუთარ პრინციპებს და სხვადასხვა მოტივით/მიზეზით ფსევდოოპოზიციურ, ფსევდოობიექტურ სუბიექტებს აძლევს ასპარეზს.

ივანიშვილის ბრალდებებს დავით აქუბარდიამ 2011 წელს ასევე ღია წერილით უპასუხა და პირიქით, ენმ–ის ლიდერებთან ახლო კავშირში დაადანაშაულა მაშინ, როცა ის დამოუკიდებელი ტელევიზიის შენარჩუნებისთვის იბრძოდა:

“მიწევს ვუპასუხო კითხვებს, რომლებზე სერიოზულად პასუხი მიჭირს. სამწუხაროა, რომ თქვენი პოლიტიკური მოღვაწეობა ჩემი ტელევიზიის და, პირადად, ჩემი ღირსების შეურაცხმყოფელი კამპანიით დაიწყეთ. არ ვიცი, რატომ აირჩიეთ ეს გზა და რას ელოდებით ამ კამპანიის შედეგად. თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ კაცი, რომელსაც წარმოდგენა აქვს ღირსებაზე, ასე ადვილად არ შეურაცხყოფს სხვა ადამიანის ღირსებას. თქვენგან განსხვავებით თავის ქება მიჭირს და არ დავიწყებ იმის მოყოლას, რა ფასად დამიჯდა ამ ქვეყანაში ლამის ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის შენარჩუნება, იმ პერიოდში, როცა თქვენ ვანო მერაბიშვილით მოხიბლული მისი ძმაკაცი და პრაქტიკულად პარტნიორი ბრძანდებოდით. არც იმის მოყოლას დავიწყებ, რამდენად მნიშვნელოვანი ფასეულობაა ჩემთვის პიროვნული თავისუფლება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამის სწორად გაგება შეგიძლიათ. პირდაპირ და მარტივად გეუბნებით: არ მჭირდება თქვენი ფული იმისათვის, რომ საკუთარი მრწამსი და თავისუფლება არ გავყიდო. ფულის მაძიებელთა რიგი თქვენს კარზე ვფიქრობ, უკვე საკმაოდ გრძელია და ეს თანხა შეგიძლიათ მათ მოახმაროთ.

სხვა ეპოქა რომ იყოს, დუელში გამოგიწვევდით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ოცდამეერთე საუკუნეა, მე ტელეწამყვანი, თქვენ კი პოლიტიკოსობის გზაზე დამდგარი ბიზნესმენი, გიწვევთ ჩემს გადაცემაში, ჩემს სტუდიაში, როგორც რიგით მოკვდავს რიგითი მოკვდავი. გპირდებით, რომ მოგეცემათ საშუალება, სრულად და გარკვევით გამოხატოთ თქვენი პოზიცია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. გპირდებით, რომ დამოკიდებულება, რომელიც თქვენი უსაფუძვლო ბრალდებების და შეურაცხყოფის შედეგად ჩამომიყალიბდა, არ შემიშლის ხელს ობიექტური ვიყო თქვენს მიმართ. იგივეს გირჩევთ თქვენც. მთელი ჩემი საქმიანობის მანძილზე მე ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საზოგადოების წინაშე მაკისრია. იმედია თქვენც იგრძნობთ იგივე პასუხისმგებლობას და საზოგადოებას შეურაცხმყოფელი ფრაზებით სავსე გრძელ წერილებზე უფრო მეტს შესთავაზებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარწმუნებთ, კვარცხლბეკიდან გაკეთებულ ხმამაღალ განცხადებებს მალე გაუვა ყავლი, მე კი აღარ ვაპირებ სერიოზულად შევხედო ბრალდებებს, რომლებიც უკვე პიროვნულ აკვიატებას ემსგავსება. ველი თქვენს პასუხს ჩემს შემოთავაზებაზე.”

მასმედიის მისამართით გაკეთებული განცხადებებზე და ბრალდებებზე ივანიშვილმა შემდეგ წერილში განმარტა, მისი პირველი განცხადება “კავკასიის” თუ “მაესტროს” ყიდვასთან დაკავშირებით ზოგმა არასწორად გაიგო. ივანიშვილმა განმარტა, რომ მას ჟურნალისტების ყიდვა კი არა მათი გათავისუფლება უნდოდა შეურაცხმყოფელი და შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შემზღუდველი ატმოსფეროსგან, რომელშიც მათ უწევდათ მუშაობა.

2011 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი არაერთხელ იყო ტელეკომპანია “კავკასიის” სტუმარი. 2013 წელს ივანიშვილი, როგორც პრემიერ–მინისტრი და გიორგი მარგველაშვილთან, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ერთად სწორედ დავით აქუბარდიას გადაცემაში იმყოფებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი