”სამრეწველო აღლუმი” თბილისის მერმა გიგი უგულავამ გახსნა. მოგვიანებით რუსთველის გამზირზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაძლირებული დაცვის თანხლებით მივიდა. პრეზიდენტის დაცვა რუსთაველის გამზირს მთელ პერიმეტრზე აკონტროლებდა და ქუჩაში მოქალაქეებისაგან დისტანციის დაცვას მოითხოვდა.
პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ”სამრეწველო აღლუმის” ფარგლებში გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა. პრეზიდენტმა რუსთაველის პროსპექტზე პირველად სამხედრო ტექნიკის პავილიონი მოინახულა. ბავშვებთან ერთად ჩაჯდა ქვეით საბრძოლო მანქანა “ლაზიკაში” და ჯავშანმანქანა “დიდგორში“.
პრეზიდენტი მოქალაქეებსაც გაესაუბრა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო. მას რუსთაველის გამზირზე გადაადგილება დაუბრკოლებლად შეეძლო – მოქალაქეები მასთან კომუნიკაციას არ ცდილობდნენ. მის გამოჩენას ემოციები და ხმამაღალი შეძახილები არ მოჰყოლია. მოქალაქეებმა უფრო მეტი ყურადღება თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ გამოხატეს.
მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამოფენილი ბრენდები ორჯერ დაათვლიერა. პრეზიდენტი კარვებში შედიოდა და წარმოდგენილ პროდუქციას აგემოვნებდა. სასტუმრო “რედისონთან” საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკა იყო წარმოდგენილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრ “დელტაშია” წარმოებული. ”თავისუფლების მოედანზე” კი სხვადასხვა სახის ღონისძიებები – გამოფენები, შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები და დიზაინერების ჩვენებები გაიმართა.
პირველი კომენტარი მიხეილ საკაშვილმა ვარდების რევოლუციის მოედანზე გააკეთა: ” 2015 წლისთვის მეტროს ხაზი მცხეთამდე ჩავა, თბილისში არსებული ყველა საბაგირო, რომელიც არ ფუნქციონირებს, აღდგება”. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ საკითხზე თბილისის მერი გიგი უგულავა ინვესტორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
პრეზიდენტის განცხადებით, ორ წელიწადში თბილისში თანამედროვე ფრანგული ტრამვაიც გამოჩნდება.
ამ კომენტარის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა “ვარდების რევოლუციის მოედანი სწრაფად დატოვა. “სამრეწველო აღლუმი” საღამომდე გაგრძელდა. რუსთაველზე ძირითადად ალკოჰოლური და მინერალური სასმელების ბრენდები იყო გამოფენილი.