ახალი ამბები

ღრუბლების გაფანტვა საპარლამენტო ქალაქში

26 მაისი, 2012 •
ღრუბლების გაფანტვა საპარლამენტო ქალაქში

ქუთაისში პარლამენტის სხდომის გახსნამდე მიხეილ სააკაშვილი ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” წევრებს მიესალმა. სხდომის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიორგი თარგამაძის გუნდი სხდომაზე არ მივიდოდა.

 

“ქრისტიან დემოკრატები” ქუთაისის პარლამენტში რამდენიმე წუთის დაგვიენებით მივიდნენ. დეპუტატებიდან  პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდნენ: გიორგი ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია და ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” სხვა წევრები.

 

ქუთაისში გამართულ პარლამენტის სხდომას ესწრებოდა  სანდრა რულოვსი ვაჟებთან ერთად. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მეუღლე. პარლამენტის სხდომაზე უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას თან ახლდა მეუღლე თამარ ჩორგოლეიშვილი.  

 

მთავრობის წევრები– ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი და კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ერთ რიგში ისხდნენ. მეორე რიგში კი– ჯანდაცვის მინისტრი ზურბ ჭიბერაშვილი, პარლამენტარი პაატა დავითაია და  თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია.  სხდომის დაწყებამდე თბილისის მერი  გიგი უგულავა  მარტო იჯდა. შემდეგ მან აჭარის მთავრობის თავმჯდომრესთან ლევან ვარშალომიძესთან გადაინაცვლა. დავით ტყეშელაშვილთან  ერთად გამოჩნდა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.

 

წმინდა სინოდის წარმომადგენლების რიგში ისხდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე  გიორგი პაპუაშვილი. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტმა დაიდო ახალი ბინა, ხოლო ქუთაისს მიენიჭა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.

 

”პარლამენტის ახალი  შენობა არის თანამედროვე, გამჭვირვალე და საქართველოს სიმბოლო. სასწაული მოახდინეს მუშებმა და შენობა სწრაფად დაასრულეს. ვინც ჩასფრებულია, მათ გასაგონად ვამბობ, შესაძლოა პარლამენტის ახალ შენობაში წყალი ჩამოვიდეს და ქარმა სახურავი გადახადოს, ეს მოსალოდნელია, რადგან ეს შენობა, ჩვენი ახალი საქართველოს მსგავსად, დაუსრულებელია,”- განაცხადა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა. 

 

მიხეილ სააკაშვილმა  ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქისათვის დაზღვევა  ხელმისაწვდომი იქნება, სოფლის მეურნეობის სექტორში გაგრძელდება რეფორმები და დასრულდება საირიგაციო პროექტები.

 

მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის პარლამენტში გამოსვლისას აქცენტი გააკეთა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და რუსეთის გეგმებზე ისაუბრა: ”რუსეთიდან ფული შემოედინება, მაგრამ  ჩვენი ხალხი დადგება დემოკრატიის სადარაჯოზე. წარსულის შავბნელი ძალები ვეღარ დაბრუნდებიან პოლიტიკაში.”

 

პრეზიდენტის შეფასებით, ქუთაისში პარლამენტის გადმოტანით ხდება ქვეყნის რეგიონების  დეცენტრალიზაცია და ვარდების რევოლუციის მიზანია , რომ ქვეყანის ცენტრად და პერიფერიებად დაყოფა დასრულდეს.

 

“თბილისი ვერ იქნება თავკომბალა. საქართველოს პარლამენტი დედადაქალაქიდან გავიდა. საქართვლოს მთავრობა და პრეზიდენტი რჩება თბილისში. ჩვენი  კარიერის დასაწყისში რეფორმების მატარებელი დაიძრა და ახლა ჩამოვიდა ქუთაისში. ჩვენ არ ვართ კუთხეებად დაყოფილი ქვეყანა, ჩვენ ვართ ერთი სახელმწიფო და ერთო საზოგადოება” – განაცხადა პრეზიდენტმა.   

 

 

პრეზიდენტი პარლამენტში გამოსვლისას ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, რეკონსტრუქციის პროექტს ბევრი ეწინააღმდეგებოდა: “ბაგრატის ტაძარი აშენდა იმისთვის, რომ იქ ხალხს უნდა ელოცა. ამიტომ უნდა მოხდეს იმის გადახურვა”.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება თბილისში, ახალციხეში, ფოთში ლაზიკაში. სვანეთი რვა საუკუნის მანძილზე მიტოვებული იყო, ახლა კი რეფორმები ტარდება. რაც შეეხება ქუთაისს, ამ ქალაქში პარლამენტის გადმოტანის მთავარი მოტივაცია არის აფხაზეთის დაბრუნება. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის გამთლიანების პროცესი ქუთაისიდან იწყება. “მეხუთე კოლონა  საქართველოს ვერ დაანგრევს. ჩვენი მატარებელი აქ არ ჩერდება და მოძრაობას აგრძელებს”. 

 

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ყველა პროგნოზით ქუთაისში და თბილისში ცა უნდა ჩამოქცეულიყო: “მაგრამ სადაც ვიყავი, ყველგან სითბო დამხვდა. ქუთაისელები რომ გამოვიდნენ, ქუჩაში ღრუბლები გაიფანტა. ჩვენ ერთად უნდა უზრუნველვყოთ, რომ ღრუბლები გავფანტოთ” – განაცხადა პრეზიდენტმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი