ახალი ამბები

შსს-მ ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში შეიარაღებული პირების საკითხზე გამოძიება დაიწყო

19 სექტემბერი, 2016 • 1356
შსს-მ ლევან გოგიჩაიშვილის შტაბში შეიარაღებული პირების საკითხზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ქართული ოცნების” ოფისში მათ მაისურებში გადაცმული და შეიარაღებული ენმ-ის წევრების შესვლის ბრალდებაზე გამოძიება იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით მიმდინარეობს.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, თუმცა დაკავებული არავინაა.  ამ მუხლის თანახმად,  ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, აგრეთვე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის,  ირაკლი კობახიძის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილის საარჩევნო შტაბში “ქართული ოცნების” მაისურებში ჩაცმული სამი პირი შევიდა, რომელთაგან ორს თან პისტოლეტი ჰქონდა. დღეს გამართულ ბრფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პირებს  იარაღი გაფორმებული ჰქონდათ:

“ორ მათგანს ეცვა “ქართული ოცნების” მაისური და ქამარში ჩადებული ჰქონდათ პისტოლეტები. ისინი შევიდნენ ოფისში, დაიწყეს საუბარი ჩვენს აქტივისტებთან.  პროვოკაციის მიზანი იყო ამ ფაქტის გარედან გადაღება და მერე ტელევიზიით იმის ჩვენება, რომ თურმე “ქართული ოცნების” შტაბებში იკრიბებიან  შეიარაღებული ადამიანები და კრიმინალური მიდრეკილებების მქონე ადამიანები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი