ახალი ამბები

ანრი ჯოხაძის კრახი ”ევროვიზია 2012-ზე”

25 მაისი, 2012 • 3743
ანრი ჯოხაძის კრახი ”ევროვიზია 2012-ზე”

ანრი ჯოხაძე, რომელიც ”ევროვიზია 2012-ზე” საქართველოს წარმოადგენდა, კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო ნომერი მეორე ნახევარფინალის ათ ყველაზე რეიტინგულ ნომერს შორის ვერ მოხვდა.

ანრი ჯოხაძის კრახი ევროვიზიის ქართული ფეისბუქის გვერდზე ასე გაამართლეს: ”ჩვენ სისტემატურად გთავაზობდით რეიტინგებს, სადაც საქართველო ყოველთვის ბოლო ადგილზე იყო, მაგრამ თქვენ ამ რეიტინგებს უარყოფდით, თუმცა შედეგი სახეზეა, საქართველო ფინალში ვერ გადავიდა.”

ანრი ჯოხაძის საკონკურსო ნომერში მონაწილეობდნენ მომღერლები ნინი შერმადინი, ვერიკო ტურაშვილი და ნინო ძოწენიძე, ასევე, ანრი ჯოხაძის და. ნომერს ცეკვით აფორმებდა მოცეკვავე სალომე ჭაჭუა.

ევროპის მუსიკალური ფესტივალი პირველად 1955 წელს ჩატარდა. კონკურსს ევროპის მაუწყებელთა კავშირი ატარებს, ხოლო თითოეულ მონაწილე ქვეყნაში “ევროვიზაზე” წარსადგენ კონკურსანტს ამავე ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი ირჩევს და კონკურსის პირდაპირ ეთერში გადაცემის უფლებაც საზოგადოებრივ მაუწყებლებს აქვთ.

საქართველო “ევროვიზიის” კონკურსში 2007 წლიდან მონაწილეობს. ამ წელს საქართველოს სახელით ევროვიზიაზე სოფო ხალვაში გამოვიდა, რომელმაც მე-12 ადგილი დაიკავა, 2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა. 2009 წელს კონკურსზე საქართველოდან “სტეფანე და 3G” უნდა წასულიყო, რომლებსაც მომზადებული ჰქონდათ სიმღერა ”Put In Disco”. კონკურსს რუსეთის დედაქალაქი მასპინძლობდა. კონკურსის დაწყებამდე მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სიმღერას ორაზროვანი, პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომლის მიზანიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფა იყო. ევროვიზიის ორგანიზატორებმა ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზეს, თუმცა, საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ნორვეგიაში 2010 წელს გამართულ “ევროვიზიაზე” საქართველოს წარმომადგენელმა სოფო ნიჟარაძემ მეცხრე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი გერმანიის წარმომადგენელი გახდა.  2011 წელს კი ”ევროვიზიის” ფინალში უპრობლომოდ გადავიდა ქართული ჯგუფი ”ელდრაინი”, თუმცა, გამარჯვება აზერბაიჯანელმა მომღერლებმა მოიპოვეს, რის გამოც წელს კონკურსი ბაქოში ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი