ახალი ამბები

ნიკა გილაური: „რკინიგზის აქციების გასხვისება დროებით გადაიდო“

24 მაისი, 2012 •
ნიკა გილაური: „რკინიგზის აქციების გასხვისება დროებით გადაიდო“

საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო ბაზარზე არსებული რთული ვითარების გამო, სს „საქართველოს რკინიგზის” აქციათა პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) გადადო.

 

„როიტერის“ მიერ ლონდონის საფონდო ბირჟის პრესრელიზში არსებული ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა ნიკა გილაურმა  24 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაადასტურა.  

 

საქართველოს პრემიერმინისტრი „საქართველოს რკინიგზის“ აქციების 25 პროცენტის ლონდონის ბირჟაზე განუთავსებლობის მიზეზად საფონდო ბაზრებზე შექმნილ მდგომარეობას ასახელებს.

 

„ჩვენ კონსულტაციები გვქონდა ბანკირებთან და საფონდო ბაზრის ექსპერტებთან. საფონდო ბირჟებზე იმდენად გაფუჭდა სიტუაცია ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას არ გვირჩევდნენ. შესაბმისად, გადავდეთ ეს პროცესი“ –განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

მისი თქმით, საფონდო ბაზრებზე მდგომარეობა საბერძნეთის და ესპანეთის კრიზისმა დაამძიმა.

გილაურის თქმით, „საქართველოს რკინიგზის“ აქციებს მთავრობა მაშინ გაიტანს, როცა საფონდო ბაზრებზე მდგომარეობა შეიცვლება.   

 

საქართველოს მთავრობა „საქართველოს რკინიგზის” IPO-ს ფარგლებში  ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციათა მეოთხედის გაყიდვას და 250 მლნ აშშ დოლარის მიღებას გეგმავდა.  

“საქართველოს რკინიგზამ“ საკუთარი აქციები 15,25-19,00 აშშ დოლარის, ხოლო მთელი კომპანია – 800 მლნ-1 მლრდ აშშ დოლარის დიაპაზონში შეაფასა.

ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების პირველადი განთავსება 24 მაისს იგეგმებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი