კვლევითმა კომპანია “ტიენესმა” (TNS) დღეს იმ მეთოდოლოგიის პრეზენტაცია გამართა, რომლითაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეგზიტპოლებს ჩაატარებს ტელევიზიების დაკვეთით, თუმცა დღესვე გაირკვა, რომ კონტრაქტზე ხელი არ აქვს მოწერილი საზოგადოებრივ მაუწყებელს.
TNS-ის ცნობით, ტელეკომპანია “იმედთან”, “მაესტროსა” და “GDS”-სთან ხელშეკრულება გაფორმებულია, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელსა და TNS-ს შორის ამ ეტაპზე კონტრაქტის დეტალების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ეგზიტპოლის პრეზენტაციაზე, რომელიც დღეს, 16 სექტემბერს, სასტუმრო “რედისონში” გაიმართა, აღნიშნული სამი ტელევიზიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თუმცა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წარმომადგენელი პრეზენტაციას არ დასწრებია. საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი ნამდვილად არ არის და ეს საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია. “ნეტგაზეთი” შეეცადა, დაკავშირებოდა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, თუმცა მან “ნეტგაზეთის” სატელეფონო ზარს არ უპასუხა, არხის დირექტორი კი საქართველოში არ იმყოფება.
„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, არის თუ არა შანსი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი თქვას ეგზიტპოლის დაკვეთაზე, TNS-ის კონტრაქტორი ფირმის, “გორბის” წარმომადგენელმა, მერაბ ფაჩულიამ გვიპასუხა, რომ ამის შანსი ყოველთვის არსებობს, თუმცა, „მაუწყებელი უარს იტყვის თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია“.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ ეგზიტპოლის სხვა ტელევიზიებთან ერთად ჩატარებაზე გადაწყვეტილება 7 სექტემბერს მიიღო, თუმცა ხელშეკრულება ჯერჯერობით TNS-თან გაფორმებული არ არის. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებიდან გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მარინა მუსხელიშვილმა დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ მისცეს, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
(წაიკითხეთ “ნეტგაზეთზე”: ეგზიტპოლი სხვა ტელევიზიებთან ერთად – საზმაუს ბორდის წევრების არგუმენტები და კონტრარგუმენტები)
ეგზიტპოლის საველე სამუშაოებს, TNS Opinion-ის მიერ გაწერილი გეგმით, საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი „გორბი“ ჩაატარებს და საველე სამუშაოებზეც „გორბი“ იქნება პასუხისმგებელი. კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხაში, როგორც წინასწარ იყო ცნობილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი 200 ათასი ლარია. მერაბ ფაჩულიამ ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია ეს თანხა ეგზიტპოლის ჩასატარებლად, უპასუხა, რომ ფასი სრულიად შესაბამისია.
TNS Opinion-ის პარიზის ოფისის (გლობალური) დირექტორის, ედუარდ ლესერფის, ცნობით, 8 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, გამოქვეყნდება ეგზიტპოლის შედეგები (პროპორციული სია და 10 მაჟორიტარი). კომპანიის დაპირებით, ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, საღამოს 8 საათიდან გახდება ცნობილი და მაყურებელი ეგზიტპოლის შედეგების შესახებ ინფორმაციას კონტრაქტორი ტელევიზიების მეშვეობით მიიღებს.
“გორბის” წარმომადგენლის, მერაბ ფაჩულიას ცნობით, ეგზიტპოლი ჩატარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. „შემოგთავაზებთ 11, აბსოლუტურად დამოუკიდებელ, განსხვავებულ ეგზიტპოლს. დაიდება 11 მაჩვენებელი და პლუს ბევრი პარამეტრი: რამდენი ადამიანი მოვიდა არჩევნებზე, არჩევნის გასაკეთებლად მოტივაცია რა იყო და ა.შ“ – ამბობს ფაჩულია. კომპანიის ინფორმაციით, ეგზიტპოლი ჩატარდება 3634 საარჩევნო უბანზე საქართველოს 73 რაიონში. ამას გარდა, ფაჩულიას ცნობით, შედეგები, პროპორციული სიის მონაცემების გარდა, აჩვენებს მონაცემებს 10 მაჟორიტარ დეპუტატზე თბილისში (3), გორში, თელავში (ყვარელში), მარტვილში, აბაშაში, ზუგდიდსა და ბათუმში.
TNS-ის ცნობით, ეგზიტპოლისათვის მობილიზებული იქნება 975 ადამიანი საქართველოში: 640 ინტერვიუერი (65 რეზერვში), 52 დამკვირვებელი, 80 მძღოლი, 80 კონტროლიორი, 32 ადამიანი ტელეფონთან, რათა მონაცემები ჩაიწერონ, 21 პროექტის მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მონაცემების დამუშავებაზე, და 5 ადამიანი „კანტარიდან“ (TNS-იდან). მონაცემები მოგროვდება ელექტრონულად, ე.წ „ტაბლეტებზე“, და კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, ისინი მაქსიმალურად დაცული იქნება.
როგორც ედუარდ ლესერფი, TNS Opinion-ის პარიზის ოფისის გლობალური დირექტორი ამბობს, კომპანიას 26 ოქტომბრიდან ახალი სახელი ექნება. რებრენდინგის შემდეგ კომპანიის სახელი იქნება „კანტარი“. ასევე, ყველა კომპანიას TNS-ში დაერქმევა „კანტარი“ (Kantar Public).