“რუსთავი 2” თავის საკონსტიტუციო სარჩელზე ორი მოსამართლის, ოთარ სიჭინავასა და მერაბ ტურავას აცილებას ითხოვს.
როგორც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა განაცხადა, ეს განპირობებულია სიჭინავასა და ტურავას მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებებით.
რუსთავი 2-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული აქვს სამოქალქო კოდექსის ის მუხლები, რის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის საკუთრების უფლებაზე დავობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
რუსთავი 2-ის გარდა, აცილებების შუამდგომლობა აქვს დაყენებული საქართველოს პარლამენტს. საქმე ეხება სამი მოსამართლის: კონსტანტინე ვარძელაშვილის, მაია კოპალეიშვილის და ქეთევან ერემაძის აცილებას.
რუსთავი 2-ის ადვოკატის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, პლენუმისთვის საქმის გადაცემა მერაბ ტურავამ გაჭიანურების მიზნით მოითხოვა.
“ვფიქრობთ, ეს ქმედება იყო საქმის გაჭიანურებისთვის, რაც მის ტენდენციურობაზე მიუთითებს. ასევე, გვახსოვს მერაბ ტურავას საჯარო განცხადებები, როლითაც ის აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას ჩვენ მიერ გაკეთებული რეპორტაჟების ხარისხზე, თუ რა კონტექსტში მოვიხსენიებთ მოსამართლეებს. მან დასძინა, რომ ამგვარი რეპორტაჟების შემდეგ ძალიან რთულია, მიიღოს გადაწყვეტილება. მან ასევე ჩვენი საქმე მოიხსენია პოლიტიკურ კონტექსტში, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული დავა. მოსამართლე ოთარ სიჭინავამ ერთ-ერთ განცხადებაში მოგვიხსენია საინფორმაციო ომის ჭრილში. ძალიან რთულია, ენდო მოსამართლეს, რომელიც მხარეს აღიქვამს ომის ფარგლებში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ორი მოსამართლის საჯარო განცხადებები ადასტურებენ იმას, რომ ისინი ვერ იცავენ სამოსამართლო ქცევის უმაღლეს სტანდარტს,”- განაცხადა მან.
პლენუმის სხდომა, რომელიც 1 სექტემბერს უგულავასა და “კაბელების” საკონსტიტუციო სარჩელების განსახილველად უნდა შეკრებილიყო, ჩაიშალა. პლენუმის მომდევნო სხდომა ჯერ არ დანიშნულა.