ახალი ამბები

კონტროლის პალატამ ”ნაციონალი” დეპუტატის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

23 მაისი, 2012 •
კონტროლის პალატამ ”ნაციონალი” დეპუტატის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

კონტროლის პალატა
კონტროლის პალატა

“მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით საქართველოს კონტროლის პალატისათვის ცნობილი გახდა, რომ ქ. რუსთავის საკრებულოს წევრმა თამაზ გველუკაშვილმა, რომელიც მუნიციპალიტეტში საქართველოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას ცხვარი და ღვინო დაურიგა საჩუქრად.

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კანონით მონიჭებული მანდატით გათვალისიწნებული ღონისძიებები განახორციელა და საკითხის ამომწურავად შესწავლის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო”, – ნათქვამია კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის განცხადებაში.

საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პოლიტიკური სუბიექტების შემოსავლებისა და ხარჯების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნით, მათი ფინანსური საქმიანობის მონიტროინგს ახორციელებს.

შეგახსენებთ,  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონის მე-5 პრიმა  მუხლის თანახმად, აკრძალულია პარტიის ან სხვა ნებისმიერი პირის მეშვეობით საჩუქრის გადაცემა, გარდა კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებისა;  ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით, პოლიტიკური მიზნით ნებისმიერი ქონების გადაცემა, გარდა კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებისა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით.

მასალების გადაბეჭდვის წესი