ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძე: შევეგუე იმას, რომ მისმენენ

15 სექტემბერი, 2016 • 1370
პაატა ბურჭულაძე: შევეგუე იმას, რომ მისმენენ

შევეგუე იმას, რომ მისმენენ – ეს გამოვაცხადე მე დიდი ხნის უკან. მარტო მისმენენ კი არა, ჩვენზე ზეწოლაა, – ამის შესახებ მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს დღეს განუცხადა.

“შევეგუე იმას, რომ მისმენენ – ეს გამოვაცხადე მე დიდი ხნის უკან. მარტო მისმენენ კი არა, ჩვენზე ზეწოლაა. რაც კი შეიძლება [ზეწოლა] მოხდეს ვინმეზე, ხდება ჩვენს პარტიაზე. მაგრამ არაფერია… გავუძლებთ. ხომ იცით, კანონია: რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. ჩვენ წინააღმდეგობას გავაძლიერებთ. ეს მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის. თუნდაც ის, რომ ეს საუბარი ნამდვილი იყო, ამას ვადასტურებ. ამოჭრილია ის, რომ ბატონ ნიკას ვუთხარი, მე არ ვარ არც ქართული ოცნების, არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და მე ვარ ხალხის წარმომდგენელი. ზუსტად მაგიტომ შემოვედი პოლიტიკაში. მე რომ მდომებოდა რომელიმე მხარეს ყოფნა, ვინ დამიშლიდა, დავუდგებოდი გვერდში. არ მინდა, ბატონებო – არც ერთი არ ვარგა და არც მეორე. ჩემი აზრით, სულ სხვა რაღაც არის გასაკეთებელი,” – განუცხადა “რუსთავი 2″–ს პაატა ბურჭულაძემ.

სატელეფონო საუბარი, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, 8 სექტემბერს შედგა, 14 სექტემბერს ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. გვარამია და ბურჭულაძე არ უარყოფენ ჩანაწერის ავთენტურობას, თუმცა გამორიცხავენ, რომ ეს მასალა თავად გაავრცელეს. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობაზე მიუთითებენ. თავად სუს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სსკ-ის 159-ე მუხლით, დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი