ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ მოამარაგებს საკვებით თბილისის ბაგა–ბაღებს

15 სექტემბერი, 2016 • 3085
ვინ მოამარაგებს საკვებით თბილისის ბაგა–ბაღებს

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრირებულ 57 000 აღსაზრდელს კვებით მომსახურებას შ.პ.ს. “ელფი” გაუწევს, კომპანია, რომლის მიმართ პრეტენზიები საჯაროდ ჯერ კიდევ 2014 წელს გამოთქვა მაშინდელმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, უფრო ადრე კი ამ კომპანიის ხელმძღვანელმა ენმ-ს 40 ათასი ლარი შესწირა.

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ ორ ელექტრონულ ტენდერში, რომელთა ჯამური ღირებულება 32 მილიონ ლარს აჭარაბებს, გამარჯვებულად შპს ელფი გამოაცხადა. კომპანია თითეული აღსაზრდელის სამჯერად კვებას დღეში 3,22 ლარად განახორციელებს.

საჯარო ბაგა-ბაღების კვებითი მომსახურებისთვის ტენდერში “ელფის” გარდა კიდევ ორი კომპანია მონაწილეობდა. სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას თქმით, “ელფი” ერთადერთი იყო, რომელმაც სააგენტოს მოთხოვნები დააკმაყოფილა:

“აღნიშნულ კომპანიას ასევე გააჩნია კვლევის ობიექტების მართვის სფეროში მომსახურების გაწევის დამადასტრუებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ISO და HACCP. ასევე ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო ის გარემოება, რომ კოპმანიას უნდა ჰქონოდა კვებითი მომსახურების გაწევის არანაკლებ 6 000 000 ლარის ღირებულების გამოცდილება 2013, 2014, 2015 წლის განმავლობაში”.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ უწყების მონიტორინგის სამსახური პერიოდულად გაუწევს კონტროლს მომწოდებლის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. იმ შემთხვევაში კი, თუ დარღვევებს ექნება ადგილი, სააგენტო შესაბამის ზომებს მიიღებს:

“მონიტორინგს სააგენტო პერიოდულად ახორციელებს. რა თქმა უნდა, ახლა მონიტორინგის სამსახური ყველა ბაღში ერთიანად ვერ შევა, მაგრამ თვითონ კომპანიასაც ჰყავს მონიტორინგის ჯგუფი და ის პარალელურ რეჟიმში გააკონტროლებს კვებითი მომსახურების ყველა ნიუანსს საბავშვო ბაღებში”, – ამბობს თემურ თორდინავა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

როგორც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, აღნიშნული კომპანიის მომსახურებით თბილისში არსებული რამდენიმე ბაგა-ბაღი 2011 წლამდეც სარგებლობდა და მათი მომსახურებით უკმაყოფილება არავის გამოუთქვამს.

კომპანიის მიმართ პრეტენზიები საჯაროდ გამოთქვა ბიძინა ივანიშვილმა იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი იყო, ხოლო “ელფი” საკვებით თავდაცვის სამინისტროს ამარაგებდა. ეს იყო 2014 წელს.

“მთავრობის სხდომაზე საჯაროდაც, პირადადაც, ირაკლისთან [ირაკლი ალასანია – მაშინდელი თავდაცვის მინისტრი] ძალიან ბევრი კამათი მქონიდა, რა უნდა იქ ნაცების დროინდელ კომპანიას მომარაგებაში. დღესაც “ელფი” ჰქვია თუ რაღაც, საბოლოო ჯამში, ელფი, რომელიც ოთხივე ტენდერში მონაწილეობდა და ოთხივე წააგო, რადგან დიდი ფასები ჰქონდა, პირდაპირი წესით ისევ “ელფი” რჩება მომარაგებაში. რატომ უნდა იყოს ის კომპანია გეგენავას მონაწილეობით და რატომ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის დროს დაფუძნებული კომპანია, რატომ უნდა ამარაგებდეს? დღესაც არაა გაყვანილი იქიდან, აი, ორი წელიწადი გავიდა,”- ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2014 წლის ნოემბერში გააკეთა, როდესაც ჯარში ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის ფაქტებზე დაისვა შეკითხვები.

კომპანია ელფში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთან 2007 წლიდან თანამშრომლობდნენ, თუმცა მათი საქმიანობის პერიოდში არათუ მოწამვლის, არამედ მინიმალური ზიანის შემთხვევაც არ დაფიქსირებულა:

“კომპანიას გააჩნია ყველა სამხედრო ნაწილიდან მიღებული, როცა ჩვენ გამოვედით, მეთაურების შემაჯამებელი წერილები. კომპანიამ ისე დაამთავრა 7-წლიანი მუშაობა [უწყებაში], ჩვენი კომპანიის მხრიდან არ ყოფილა არც ერთი არათუ მოწამვლის, არამედ მსუბუქი ზიანის ფაქტიც,” – უთხრა “ელფის” მენეჯერმა ნეტგაზეთს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი პოლიტიკაში არ ერევიან და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ. თუმცა შ.პ.ს. “ელფის” 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თინათინ პაპუაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მსხვილი შემწირველია. მან პარტიას 40 000 ლარი 2012 წელს შესწირა. ამ საკითხზე შ.პ.ს. “ელფში” კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი