ახალი ამბები

სამი თემა ტელევიზიებისთვის

21 მაისი, 2012 •
სამი თემა ტელევიზიებისთვის

 

მიხეილ სააკაშვილის მიერ რეგიონებში ახალი პროექტების წარდგენა, საქართველოს პარლამენტის საქმიანობა და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ფიგურის კრიტიკული შეფასება, –  აღნიშნული სამი თემა 2012  წლის 27  აპრილიდან 10  მაისის ჩათვლით საქართველოს სატელევიზო არხებმა ყველაზე ინტენსიურად გააშუქეს.

 

ეს მონაცემი სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მედიის კვლევის მესამე ორკვირიანი პერიოდის შედეგების დაჯამების შედეგად გამოიკვეთა. 

 

აღნიშნული კვლევა ორსაფეხურიანია და პირველ ეტაპზე მიზნად ისახავდა 2012  წლის 27 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით 6 ტელეკომპანიის მიერ ყველაზე ინტენსიურად გაშუქებული თემების გამოვლენას.

 

ანგარიშში მოცემულია მხოლოდ მიღებული შედეგების აღწერა. შედეგების ანალიზი კი გამოქვეყნდება მონაცემების უფრო ხანრგძლივი პერიოდით დაგროვების შემდეგ.  მომავალი ანგარიშიდან მონიტორინგში „მეცხრე არხის“ მთავარი საინფორმაციო პროგრამაც ჩაერთვება.

 

მედიის მონიტორინგის მესამე ორკვირიან პერიოდში, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, პირველად გამოიკვეთა სამი პრიორიტეტული თემა (წინა პერიოდებში იყო მხოლოდ ორი).  ისევე,  როგორც გასული კვირების ანგარიშებში, ამ პერიოდშიც თანხვედრილია ტელევიზიების პირველი პრიორიტეტული თემები:  საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“  და „რუსთავი 2“  ყველაზე ინტენსიურად ერთსა და იმავე თემას – პრეზიდენტის რეგიონებში ვიზიტებს აშუქებს, „კავკასია“ და „მაესტრო“ კი – პარლამენტის საქმიანობას.

 

პრეზიდენტის ვიზიტები რეგიონებში საინფორმაციო სივრცის ლიდერი თემაა და ეს თემა აქტუალური იყო მედიის მონიტორინგის როგორც პირველ, ასევე – მეორე ორკვირიან პერიოდში. 

 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღსანიშნავია პარლამენტის საქმიანობა,  რომლითაც უკვე მთელი თვეა, „კავკასია“  და „მაესტრო“ ინტენსიურად ინტერესდებიან. თუმცა ეს თემა ვერ ხვდება საერთო ეროვნული მაუწყებლების პრიორიტეტულ თემებს შორის (ისევე, როგორც გამოკითხული საზოგდოების უმრავლესობა პარლამენტის საქმიანობას არ აღიარებს პირველ პრიორიტეტულ თემად).

 

ანგარიშის მიხედვით, ამჯერად სხვა ტელევიზიებისგან განსხვავებული მთავარი თემა აქვს „რეალ TV”-ს, რომელიც ყველაზე მეტად ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ფიგურის კრიტიკული შეფასებით ინტერესდება.

 

აღნიშნული ანგარიშის სრული ვერსია სამოქალაქო განვითარების ინსტუტუტის ვებ-გვერდზეა განთავსებული

 

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი,  ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“  მხარდაჭერით,  ახორციელებს კვლევით პროექტს, რომლის სახელწოდებაა: „ტელეკომპანიებისა და საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტების შესაბამისობის კვლევა წინასაარჩევნო პერიოდში.“

მასალების გადაბეჭდვის წესი