“ნეტგაზეთი” მას 14.30 წუთზე ესაუბრა. მთივლიშვილის თქმით, ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
“დაახლეობით ერთი საათი ვიყავი დაკავებული. მერე, როგორც ჩანს, აღარ აწყობდათ ჩემი დაკავება და წიხლებით გამომაგდეს პოლიციის შენობიდან”, – განაცხადა მთივლიშვილმა.
ის ამბობს, რომ წაუშალეს კადრები და წაართვეს ვიდეოკამერა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ამზადებდა მასალას “ქართული ოცნების” წევრებზე თიანეთში, რომლებზეც, მისი თქმით, ხორციელდებოდა ზეწოლა სამართალდაცავების მხრიდან.
“ყველაფერი გადაღებული მქონდა უკვე. მჭირდებოდა პოლიციის კადრები და თიანეთის პოლიციის შენობის რამდენიმე კადრი გადავიღე”, -ამბობს ჟურნალისტი.
გელა მთივლიშვილი, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრია, 20 მაისს, დაახლოებით 13.00 საათზე დააკავეს. ქარტიამ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ფაქტის გამოძიება მოთხოვა.