ახალი ამბები

„პირველი სტერეოს“ ყველა თანამშრომელს შენობა დაატოვებინეს

19 მაისი, 2012 • 1414
„პირველი სტერეოს“ ყველა თანამშრომელს შენობა დაატოვებინეს

„პირველი სტერეოს“ შენობაში მხოლოდ, ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახურის -„მგლების“ თანამშრომლები იმყოფებიან, რომელთაც ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელს შენობა დაატოვებინეს.
დაცვის თანამშრომლები „პირველი სტერეოს“  შენობაში 19 მაისს, დილის 4 საათისთვის შევიდნენ.

მათი შესვლიდან მალევე, ტელეკომპანიის თანამშრომელთა ნაწილმა შენობა დავტოვა, თუმცა, დღის პირველ საათამდე შენობაში ტელეკომპანიის, დაახლოებით, 10 თანამშრომელი ისევ რჩებოდა.

 

როგორც „პირველი სტერეოს“ ყოფილმა დირექტორმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა, ისინი იქ ტექნიკის გამოსატანად დარჩნენ, თუმცა, მათ ამის ნება დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.

ამ დროისთვის, ტელეკომპანიის არცერთი თანამშრომელი შენობაში აღარ არის. მათ, დაცვის წევრებმა შენობა დაატოვებინეს.
შენობაში შესვლას ვერ ახერხებს ასევე ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი, რომელიც შენობის დატოვების შემდეგ „მგლების“თანამშრომლებმა ტელეკომპანიაში აღარ შეუშვეს.

რამდენიმე საათია, გამორთულია “პირველი სტერეოს” სიგნალიც.
როგორც ტელეკომპანიის თანამშრომლები აცხადებდნენ, სიგნალი ახალმა დირექტორმა, ვასილ კობაიძემ გაათიშინა და არხი რადიო სიგნალით მაუწყებლობს.

ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის თქმით, ის აპირებს საჩივრით მიმართოს პროკურატურას.

„მოვითხოვ სასწრაფოდ მოხდეს გამოძიება, რომ დადგინდეს, როგორ მოხდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საიტზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაციაში ჩასწორება დირექტორის შეცვლის საკითხის განუხლავად. უნდა მოხდეს ყველა ფალსიფიკაციის გამოძიება, რაც ადეიშვილის უწყებაში ხდება, თუმცა სამწუხაროდ პროკურატურაც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზმია“, – ამბობს ზილფიმიანი.
„ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ბატონი ბეჟუაშვილი, თავისი მაღალჩინოსანი მეგობრებისა და სახელმწიფოს დახმარებით, ცდილობს პარტნიორს წაართვას არა მხოლოდ იმ კომპანიის წილი, რომელსაც ერთად ფლობენ, არამედ სხვა კომპანიაც. ეს არის კერძო საკუთრების ხელყოფა. სპეცოპერაციის მიზანი არის ის, რომ დაადანაშაულონ დავით ზილფიმიანი რაიმე მაქინაციაში და შემდეგ ამ საბაბით წაართმევენ ტელეკომპანიას,“- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელმა.

ტელეკომპანიასთან იმყოფებოდა ასევე „საიას“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორი ნათია კაპანაძეც.
იურისტის განმარტებით, ტელეკომპანიის მეწილე დავით ზილფიმიანი უნდა გაეცნოს იმ განჩინებას, რომელიც მიღებულია ტელეკომპანიაში მისი წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით და შეძლოს თავისი უფლებების წარდგენა სასამართლოში.

შპს “ტელეკომპანია I სტერეოსა” და შპს “სტერეო +”– ის წილები დამფუძნებელ დავით ზილფიმიანს, როგორც თავად ამბობს, უკანონოდ დაუყადაღეს საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით.

ზილფიმიანი მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ორ ფაქტს უკავშირებს:

“ერთი ფაქტი არის ის, რომ მე ტექნიკური მომსახურების კონტრაქტი გავაფორმე ტელეკომპანია “მე–9 არხთან”, მეორე ფაქტი კი ის გახლავთ, რომ კომპანია “სტერეო +”– ის 100%–იანი წილი ჩემს შვილზე გადავაფორმე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი