ახალი ამბები

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: საქართველში საჰაერო უსაფრთხოების ოფიცერი მოვავლინეთ

10 სექტემბერი, 2016 •
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: საქართველში საჰაერო უსაფრთხოების ოფიცერი მოვავლინეთ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი იმყოფება, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ლევან იზორიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

საუბრის თემა იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. ლევან იზორიას განცხადებით, საჰაერო თავდაცვის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის, ძალაშია და ის პირობები, რომლებიც კონტრაქტით არის გათვალისწინებული, განხორციელდება.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთს შორის გაფორმებულ საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებას ეხებოდა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ საქართველოში საქართველოში საჰაერო არმიის ოფიცერი მოავლინეს, რომელსაც ნატოს არსებით პაკეტში შემავალი რეკომენდაციების განხორციელება დაევალა:

„არსებითი პაკეტის ფარგლებში საფრანგეთმა საქართველოსთან საჰაერო თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა იტვირთვა, რომელიც სუვერენულობის წამყვანი ელემენტია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ სწრაფად ვიმოქმედეთ, რათა საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, ეფექტური საშუალებები ჰქონოდა საჰაერო სუვერენულობის კუთხით. მე ზუსტად ახლა ვუთხარი მინისტრს, რომ ამ ფორმატში ჩვენ საჰაერო არმიის ოფიცერი მოვავლინეთ, რომელსაც დაევალება, აამოქმედოს და განახორციელოს ყველა ის რეკომენდაცია, რაც საჭიროა თავდაცვის აღნიშნული საშუალების კონკრეტული გამოყენებისთვის,”-

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 10 წლის იუბილის აღნიშვნაა. როგორც მან განაცხადა, სამთო სკოლა ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩემი ვიზიტის მეორე მიზეზი კი არის ის, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი საჰაერო თავდაცვის სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, თქვენი აღჭურვილობის ტრანსფორმაციასა და ადაპტირებას. ჩვენ შევადგინეთ დღის წესრიგი, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. საჰაერო თავდაცვა ის სფეროა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად,“ – აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

მან ქართველ კოლეგას საჯაროდ გადაუხადა მადლობა სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის: „ქართულმა სამხედრო კონტინგენტმა უკვე მიიღო მონაწილეობა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროპული ძალების (EUFOR RCA) მისიაში. შესაძლებლობა მქონდა ბანგის აეროპორტში ქართველ სამხედროებს შევხვედროდი, რომლებიც უსაფრთხოებას ადგილზე უზრუნველყოფდნენ. გადავდივართ ახალ ფაზაში, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის არმიის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას. ახალი ევროპული მისია – ევროკავშირის საწვრთნელი მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (EUTM RCA) ასოცირებას რამდენიმე დღეში მიიღებს. მივესალმები კოლექტიურ ოპერაციებში მონაწილეობისთვის თქვენს მზაობას, რომლის ერთ-ერთი მაგალითიცაა “მტკიცე მხარდაჭერის” მისია ავღანეთში.“

ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, საუბარი შეეხო მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა კონფლიქტებსაც და შავი ზღვის აუზში საფრანგეთის წარმომადგენლობის გაძლიერებას. „ბათუმის პორტში ოქტომბერში ფრანგული გემის შემოსვლა იგეგმება. ესეც ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლოა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო, სანდო და კონსტრუქციულია. ჩემი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთობას,“ – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი