“საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადი 2013 წლის შემდეგ 18%-ით განისაზღვრება, იმ შემთხვევაში, თუ პირის დასაბეგრი შემოსავლის 2%, დაზოგვის სქემის შესაბამისად, მმართველ კომპანიაში ირიცხება.
ცვლილებების თანახმად, 2%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, აღნიშნული 18%-იანი განაკვეთი მცირდება დამატებით ჩარიცხული დასაბეგრი შემოსავლის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 3 პროცენტისა. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შედეგად მიღებული თანხა თავისუფლდება.
ამ საკანონმდებლო ცვლილების პარალელურად, პარლამენტში შედის ახალი კანონპროექტი, რომელიც ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის წესსა და პირობებს განსაზღვრავს. ამავდროულად, აქტივების მმართველი კომპანიები შეიქმნება, რომლებიც ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შენატანის მართვას უზრუნველყოფენ.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ჯაბა ებანოიძის განმარტებით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები კერძო საპენსიო ფონდების თემას უკავშირდება:
„საქართველოს მთავრობას აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში კერძო საპენსიო ფონდი შეიქმნას და ამასთან ერთად, მოხდეს საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ჩარიცხვა ამ ფონდში“.
ებანოიძის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, თანხის ჩარიცხვა ეტაპობრივად მოხდება:
„თუ გვაქვს 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი, აქედან 18% წავა ბიუჯეტში, ხოლო 2%, თუ ექნება სურვილი თავად გადამხდელს, კერძო საპენსიო ფონდში გადაირიცხება. ეს პროექტი ჯერ განხილვის სტადიაშია. ამდენად, ზუსტ ფორმულირებაზე საუბარი რთულია. გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ საპენსიო ფონდში თანხის გადარიცხვა ნებაყოფლობითი იქნება,“ – ამბობს ებანოიძე.