საქართველოს პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც, კანონად მიღების შემთხვევაში, საჯარო მოხელის ხელფასის, პრემიისა და სხვა პერსონალური მონაცემის შესახებ ინფორმაციას დახურავს.
კანონპროექტი, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან 44-ე მუხლის ამოღებას ითვალისწინებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.
დღეს მოქმედი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლში წერია, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე, თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა.
ეს გულისხმობს, რომ დღეს ნებისმიერ პირს შეუძლია თანამდებობის პირის შესახებ მოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია, იქნება ეს ხელფასი, პრემია, სამივლინებო ხარჯები თუ სხვა რამ. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო უწყებამ მოქალაქეს უარი უთხრა ამ ინფორმაციის მიცემაზე, პირს უფლება აქვს, პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე უარის თქმის შესახებ საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იურისტმა თამარ კორძაიამ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ხელისუფლების აღნიშნული ინიციატივით დაკანონდება აქამდე არსებული უკანონო პრაქტიკა, როცა თანამდებობის პირთა ხელფასისა და პრემიების შესახებ მოთხოვილ ინფორმაციას საჯარო უწყება ხშირად არ გასცემდა.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ გარკვეული მუხლების ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსიდან ამოღება აუცილებელი გახდა ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის მიღების შემდეგ, რადგან თავიდან იქნას აცილებული ერთი და იგივე საკითხის ორი სხვადასხვა კანონით დარეგულირება.
თამარ კორძაია კი აცხადებს, რომ ”პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონში არ წერია, რომ პერსონალური ინფორმაცია თანამდებობის პირის შესახებ იქნება ხელმისაწვდომი.
კანონში შესაძლო ცვლილებას დღეს გამოეხმაურა ”კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის”. კოალიცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თანამდებობის პირების პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა.
”ვფიქრობთ, უნდა არსებობდეს განსხვავებული მიდგომა საჯარო და კერძო პირების პერსონალურ მონაცემებს შორის, რადგან, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ეს კატეგორიები მკვეთრად არის გამიჯნული. თანამდებობის პირები ფლობენ სახელმწიფო ხელისუფლების მნიშვნელოვან ბერკეტებს და შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ამიტომ დაუშვებელია საზოგადოებას ჩამოერთვას უფლება, გააკეთოს არჩევანი, თუ ვის ირჩევს, რა ქონებას ფლობდა ის თანამდებობაზე დანიშვნისას და როგორ შეიცვალა მისი ეკონომიკური მდგომარეობა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში და სხვა მნიშნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოქალაქეს მისცემს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას,” – ნათქვამია კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებაში.
კოალიციაში მიიჩნევენ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური სისტემა ემყარებოდეს ღიაობას, მოქალაქეთა ჩართულობას, საჯარო მმართველობის გამჭვირვალობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის პრინციპებს, მედიას უნდა გააჩნდეს საშუალება, მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია თანამდებობის პირების თაობაზე, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ღია მმართველობის ფარგლებში აღებული ვალდებულებები.
კოალიცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაამდაბლოს დღეს არსებული გამჭვირვალობის სტანდარტი და არ გააუქმოს თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობის გარანტიები.