ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

9 სექტემბერი, 2016 • 1832
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660)  მიიღო გუშინ, 8 სექტემბერს, 410 ხმით 6-ის წინააღმდეგ. ხმის მიცემაში 15 კონგრესმენს არ მიუღია მონაწილეობა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტეხასელი რესპუბლიკელის, ტედ პოსა და ვირჯინიელი დემოკრატის, ჯერალდ კონოლის მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილმა რეზოლუციამ განხილვის ყველა ეტაპზე ცალსახა ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. საბოლოო კენჭისყრაზე რეზოლუცია წარადგინა 31-მა თანასპონსორმა (კონგრესმენმა), როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც, მათივე შეფასებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალ დონეს.

რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი მხარდაჭერისაკენ და არაღიარების იმგვარი პოლიტიკის გატარებისაკენ, რომლის მსგავსიც, რეზოლუციის მიხედვით, თავის დროზე  (1940 წელს) წარმატებით განხორციელდა ბალტიის ქვეყნების – ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის შემთხვევაში.

რეზოლუციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე იურე და დე ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე.

“რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციასა და მისი ტერიტორიების ოკუპაციას; ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებს. მოუწოდებს რუსეთს, რომ უკან გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ გადადგას ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად. რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას”, – გვაცნობებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა სფეროში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ის ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაცია, გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების გზით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯები ხელს შეუწყობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას. “რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესშია, რადგან ის ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას”, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ 9 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი