ახალი ამბები

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” : GPB -ს გადაწყვეტილება ეგზიტპოლზე მიუღებელია

8 სექტემბერი, 2016 •
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” : GPB -ს გადაწყვეტილება ეგზიტპოლზე მიუღებელია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან- “იმედი”, „მაესტრო“ და GDS- ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც სამეურვეო საბჭომ მიიღო.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგი ადასტურებს, რომ ქართული ტელეარხები კვლავაც პოლარიზებულია და მათი სარედაქციო პოლიტიკა სხვადასხვა პოლიტიკურ სიმპათიას ასახავს. მეორე მხრივ, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ეს თავისუფლება უნდა დასტურდებოდეს ნებისმიერი გადაწყვეტილებით, რომელიც საჯარო ფინანსების ხარჯვას ეხება.

ჩვენს ქვეყანაში ეგზიტპოლი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ კერძო ტელეკომპანიებთან ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარება უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მაყურებლის ნდობაზე და გააღრმავებს კითხვებს მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ,” – აღნიშნულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კოალიცია თვლის, რომ საჯარო ფინანსები არ უნდა იხარჯებოდეს არხისთვის ზიანის მომტან ქმედებებზე. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და მაუწყებლის ყველა რესურსი მიმართოს მიმდინარე პროცესების სრულყოფილად, დროულად და მიუკერძოებლად გასაშუქებლად.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, “იმედისთვის”, “მესტროსა” და “GDS”-ისთვის ეგზიტპოლს 2016 წლის საპარალმანეტო არჩევნებზე კომპანია “TNS” ჩაატარებს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 7 სექტემბერს მიიღო.

7 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა განაცხადა, რომ კონტრაქტის საერთო ღირებულება 937 635 ამერიკული დოლარია, ხოლო ამ თანხაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წილი -200 ათასი ლარი.

“დანარჩენ თანხას ეს სამი კომპანია გადაიხდის.  ველზე სამუშაოებს კომპანია გორბი ჩაატარებს,” – ამბობს გიორგი ბარათაშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებიდან გადაწყვეტილებას მხარი გრიგოლ გოგელიამ, ირაკლი პაპავამ, გიორგი კოხრეიძემ და მარინა მუსხელიშვილმა დაუჭირეს, წინააღმდეგ ხმა სულხან სალაძემ და ქეთევან მსხილაძემ მისცეს, ხოლო ირინა ფუტკარაძემ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი