ახალი ამბები

პარტიებმა და ბლოკებმა ცესკოში საარჩევნო სიები წარადგინეს

8 სექტემბერი, 2016 •
პარტიებმა და ბლოკებმა ცესკოში საარჩევნო სიები წარადგინეს

ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში არჩევნებში მონაწილე 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ წარადგინა პარტიული და მაჟორიტარულ სიები.

დღემდე მხოლოდ 4 პარტიას ჰქონდა სიები წარდგენილი. პარტიების უმრავლესობამ მაჟორიტარული სიები ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ახლა წარადგინა, ხოლო რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი მხოლოდ ხარვეზების შესასწორებლად მოვიდა ცესკოში.

საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც უკვე წარადგინეს სიები:

  1. ”პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა”
  2. ”ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა”
  3. ”რესპუბლიკური პარტია”
  4. ”დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”
  5. ”საქართველოს ლეიბორისტული პარტია”
  6. ”საქართველოს კომუნისტური პარტია”
  7. ”საქართველოს მშვიდობისთვის”
  8. ”საქართველო”
  9. ”მერაბ კოსტავას საზოგადოება”
  10. ”მომავალი საქართველო”
  11. ”მემარცხენე ალიანსი”
  12. ”ეროვნული ფორუმი”
  13. ”თავისუფალი დემოკრატები”
  14. ”სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”
  15. ”ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა”
  16. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”
  17. “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო”

მშრომელთა სოციალისტური პარტია დღეს დილით პირველი მივიდა ცესკოს ოფისში, თუმცა პირადობის მოწმობები და სხვა საჭირო დოკუმენტები აერიათ; ისინი ადგილზე რამდენიმე საათი ცდილობდნენ ხარვეზის აღმოფხვრას.

მშრომელთა სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები ცესკოში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მშრომელთა სოციალისტური პარტიის წარმომადგენლები ცესკოში. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს ის პროცედურები გააცნო, რომლებსაც საარჩევნო სუბიექტები გადიან საარჩევნო სიების წარდგენისას:

”მას შემდეგ, რაც სუბიქტის მიერ წარმოდგენილი იქნება საარჩევნო სია, ცესკოს სათანადო სამსახური 10 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნებამდე არაუგვიანეს 26-ე დღისა შესაბამის დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ ასევე არჩევნებამდე არაუგვიანეს 25-ე დღისა იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – ან გატარდება პარტიული სიები რეგისტრაციაში, ან იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზები აღმოჩნდება, სია დაუბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ამ ხარვეზის გამოსწორებისთვის მას ეძლევა დამატებითი სამი დღე.”

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სიების პირველი ათეულების დასახელებისგან ცესკოში თავს იკავებენ, ხოლო მათ ნაწილს უკვე გაცხადებული აქვს ამის შესახებ ინფორმაცია ან უახლოეს პერიოდში გეგმავენ პრეზენტაციას.

ირაკლი ალასანიას პარტიიდან საარჩევნო სიები ცესკოში ”თავისუფალი დემოკრატების” მე-10 ნომერმა, გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, ალასანიას გუნდში მნიშვნელოვანია ის, რომ გენდერული ბალანსი მაქსიმალურად არის დაცული. ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მაქსიმალურად გამოიყენეს რესურსები და ბევრ ახალგაზრდას მისცეს პოლიტიკაში თავის დამკვიდრების შანსი.

გიორგი ცაგარეიშვილი, თავისუფალი დემოკრატები. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

გიორგი ცაგარეიშვილი, თავისუფალი დემოკრატები. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

”პირველ ოცეულში მხოლოდ ერთი ცვლილება განხორციელდა, რაც გუშინვე განვაცხადეთ. სია არის ფაქტობრივად ისეთი, როგორიც ჩვენ ერთი თვის წინ პარტიის ყრილობაზე წარვადგინეთ. სხვა არანაირი სიახლე პირველ ოცეულში არ არის. ამ ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში სრულიად დავიცავით ე.წ. გენდერული ბალანსი, 60-ზე მეტი ქალბატონია 200-კაციან საარჩევნო სიაში. ჩვენ კანონმდებლობით მონიჭებული შესაძლებლობა ბოლომდე გამოვიყენეთ და სწორედ 200 ადამიანით დაკომპლექტებული სია შევთავაზეთ ცესკოს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა სიაში. ასევე, სრულად ავსახეთ ჩვენი პარტიული გეოგრაფია: ყველა რეგიონის, რაიონის და ქალაქის წარმომადგენელი, რომელიც მრავალი წელია მოგვყვებიან და არ დაუხევიათ ბრძოლაში უკან, არის სიაში. მათი მრავალწლიანი შრომა და გარჯა დაფასდა. რა თქმა უნდა, ოცეულს მიღმა სიას ვგულისხმობ. ყველა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც, რა თქმა უნდა, წარმოდგენილია სიაში,” – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

”თავისუფალი დემოკრატების” შემდეგ ცესკოში საარჩევნო სია მიიტანეს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა: ნიკა მელიამ და ელენე ხოშტარიამ. ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში სია უკვე წარდგენილი ჰქონდა ”რესპუბლიკურ პარტიას”, თუმცა მათი წარმომადგენელი დღეს გარკვეული ხარვეზის აღმოსაფხვრელად იმყოფებოდა რეგისტრატორთან.

ირაკლი კობახიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ირაკლი კობახიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

სულ ბოლოს ცესკოში სიები მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ მიიტანა. “ქართული ოცნების” მესამე ნომერი აცხადებს, რომ მათო საარჩევნო სია 155 ადამიანით არის დაკომპლექტებული.

“ჩვენი სია დაკომპლექტებუკია გამორჩეული და ღირსეული ადამიანებით. ხშირად ვსაუბრობდით განახლების საჭიროებაზე, რაც არის მიღწეული. ჩვენი დაპირება ამომრჩევლის წინაშე შევასრულეთ: განახლებული და ძალიან ღირსეული სიით წარვსდგებით ამომრჩევლის წინაშე, რაც გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვების ამ არჩევნებში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი