ახალი ამბები

Muzame #4: 26 ოქტომბერს Psychic TV თბილისში კონცერტს გამართავს

8 სექტემბერი, 2016 • 1941
Muzame #4: 26 ოქტომბერს Psychic TV თბილისში კონცერტს გამართავს

მუსიკოსი, პოეტი, კომპოზიტორი და ვიზუალარტისტი ჯენეზის ფი-ორიჯი და მისი ჯგუფი Psychic TV – თბილისში 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ბასიანის საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს.

ბილეთის ფასი პირველ ეტაპზე 30 ლარი იქნება, შემდეგ- 40, ხოლო კართან- 50 ლარი.

Psychic TV საკულტო ბრიტანელი არტისტის, პერფორმერისა და მუსიკოსის, Genesis P-Orridge-ის აუდიო-ვიზუალური არტჯგუფია.

სხვადასხვა დროს ჯენეზის ფი-ორიჯი იყო ავტორი დადაისტური მოძრაობით შთაგონებული არტისტული კოლექტივისა COUM Transmissions და ინდასტრიალ ჯგუფისა Throbbing Gristle.

ჯენეზის ფიორიჯის ყველაზე ცნობილ არტპროექტად Pandrogeny Project ითვლება. პროექტი გულისხმობდა ექსპერიმენტს საკუთარ სხეულზე. ჯენეზისის და მისი მეუღლის, ლედი ჯეის თქმით, მათი სიყვარული იმდენად დიდი და ძლიერი იყო, რომ მათი სული ერთ მთლიანობას ქმნიდა. მაშასადამე, მათი სხეულიც ერთმანეთის მსგავსი უნდა ყოფილიყო. რამდენიმეწლიანი ქირურგიული ჩარევების, სხეულის/სქესის მოდიფიკაციისა და პლასტიკური ოპერაციების შემდეგ ჯენეზისი და მისი მეუღლე გენდერულად ნეიტრალურ, გარეგნულად იდენტურ ადამიანებად იქცნენ. როგორც თავად განაცხადეს, მათ სულთან ერთად, მათი სხეულები ერთ მთლიანობაში მოექცა. Pandrogeny Project დღემდე სიყვარულის უდიდეს აქტად ითვლება და მან წყვილი ქვიარ მოძრაობის სამაგალითო პერსონებად აქცია. 2007 წელს, ლედი ჯეის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ ჯენეზისმა Psychic TV-ს ამერიკული ტურნე გააუქმა და დროებით ჩამოშორდა მუსიკალურ საქმიანობას, თუმცა მოგვიანებით ბენდი კვლავ გაერთიანდა რამდენიმე ევროპული და ამერიკული საკონცერტო ტურნესთვის.

Psychic TV-ს ახალი სტუდიური ალბომი Alienist 16 სექტემბერს გამოვა. ბენდის პირველი თბილისური კონცერტი სწორედ Alienist-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი