ახალი ამბები

სააკაშვილი: თბილისი არ არის თავკომბალა

19 მაისი, 2012 • 1143
სააკაშვილი: თბილისი არ არის თავკომბალა

“მკაცრი სტანდარტები უნდა დავაწესოთ, რომ არავის ჰქონდეს ეს ცდუნება, რომ “გარაჟის” უკანა შესასვლელში დაასახლოს ვიღაცა და ამით მოითბოს ხელი იმიტომ, რომ მერე ეს ყველაფერი შეიძლება ამ ტრაგედიით დამთავრდეს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ფინანსთა მინისტრთან და დედაქალაქის მერთან საგანგებო თათბირისას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დედაქალაქში ბარაკები აღარ უნდა იყოს, სადაც, პრეზიდენტის თქმით, ძირითადად, რეგიონებიდან 7-8 წლის წინ ჩამოსული ადამიანები ცხოვრობენ.

“თბილისი არ არის თავკომბალა. ახლა რეგიონებშიც გაჩნდა ძალიან ბევრი სამსახური”, – განაცხადა სააკაშვილმა.

თბილისის მერის, გიგი უგულავას თქმით, “პირდაპირ კოლექტორზე იყო დაშენებული ოთახი”, სადაც წყლის მოვარდნის შედეგად დედა და მისი ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

“რომ მივედი, თვალებს არ დავუჯერე, სად ცხოვრობდა იქ ხალხი. თან დამალული იყო და თუ საგანგებოდ არ ეძება ადამიანმა, ვერც იპოვის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა დავალება მისცა ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი გვინდაძეს, რომ გამოიყოს ფინანსური დახმარება დუშეთში, ლაგოდეხსა და გურჯაანში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის.

სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერიისა და შსს-ს სამაშველო სამსახურებს:

“რომ არა მათი გამართული მუშაობა, იქ ბევრად მეტი ხალხი დაიღუპებოდა. რაც მე ვნახე, სახურავებიდან მოხსნეს ხალხი წუთებში, იმიტომ, რომ მერე შეიძლებოდა, ის ხალხიც დაგვკარგვოდა… ხალხი დაიღუპა, მაგრამ, მეორე მხრივ, უფრო მეტი მსხვერპლი რომ არ არის და საერთოდ რომ გვაქვს ასეთი სამსახურები, უფრო შვების მომგვრელია პირადად ჩემთვის”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი