ახალი ამბები

“სააკაშვილი მის მიერვე ინსპირირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას დაუპირისპირდა”

19 მაისი, 2012 •
“სააკაშვილი მის მიერვე ინსპირირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას დაუპირისპირდა”

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით,  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამინდელი საკონსტიტუციო ცვლილებებით დაუპირისპირდა მის მიერვე ინსპირირებულ 2010 წლის 15 ოქტომბრის  საკონსტიტუციო ცვლილებას.

მისივე განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით სააკაშვილი კიდევ ერთხელ ცდილობს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონო ჩამორთმევის გადაწყვეტილების დაფარვას.

“სააკაშვილი კონსტიტუციას რომ საკუთარ ინტერესებს არგებს, ნათლად ჩანს იმითაც, რომ სხვადასხვა დროს, იმის მიხედვით, თუ რომელი კონკრეტული ოპოზიციური ლიდერია მისთვის საშიში, სხვადასხვა ცვლილება შეაქვს კონსტიტუციაში. ორი წლის წინ, 2010 წლის 15 ოქტომბერს, თავის მორჩილ პარლამენტს კონსტიტუციაში შეატანინა ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ვერ დაიკავებს საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც, ამავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მაშინდელი ეს ცვლილება სააკაშვილის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ერთი კატეგორიისადმი გამოცხადებული უნდობლობის მორიგი მაგალითი იყო”, – აღნიშნა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებით თეორიულად ისიც კი შეიძლება მოხდეს, რომ პარლამენტი და მთავრობა დაკომპლექტდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებით.

“სააკაშვილის ეს ახირება საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს, ვინაიდან საქრთველოს მოქალაქეების გარდა, სახელმწიფო პოლიტიკური თვალსაზრისით ანგარიშვალდებული ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ და პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხები სცილდება საქართველოს მოქალაქეთა მონოპოლიური უფლებამოსილების ფარგლებს”, – მიიჩნევს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით,  ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობენ, ეძლევათ უფლება, მონაწილება მიიღონ არჩევნებში და დაიკავონ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი