ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის საგარეო კურსის მიმართ კითხვები უჩნდება

8 სექტემბერი, 2016 • 1234
ივანიშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსის საგარეო კურსის მიმართ კითხვები უჩნდება

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “პატრიოტთა ალიანსის” საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება.

ყოფილმა პრემიერმა დღეს, 8 სექტემბერს, სამეგრელოში მომუშავე ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

“მათი პლატფორმა გამოკვეთილად არ ჩანს. წინა შთაბეჭდილება, რაც მე გურიიდან შევაფასე, ძალიან იმოქმედა ჩემზე, ევროკავშირის ელჩთან მქონდა შეხვედრა რამდენიმე თვის წინ, რომელსაც ძალიან დიდი პატივს ვცემ. ის მოვიდა პირდაპირ შეხვედრიდან, ინაშვილთან ჰქონდა, მგონი, შეხვედრა და გაოცებული იყო. ვკითხეო, ევროკავშირი გინდათ – კიო, გვინდაო, ნატო გინდათ – კი, გვინდაო. ეს ჩამრჩა მეც მხედველობაში, რომ ძირითად მიმართულებას მხარს უჭერენ. ამ ორ-სამ დღეში გადავავლე თვალი მათ გამონათქვამებს და, რა თქმა უნდა, იქ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რომ გამოდიან და ამბობენ, რომ ევროპა ეომება ჩვენს მართლმადიდებლობას, საბერძნეთის მაგალითი მოჰყავთ, რაც აბსოლუტური ნონსენსია. მათ ძალიან დიდი კითხვის ნიშანი აქვთ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რაზეც მე ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ არ დაგიმალოთ, რომ ეს კანონი მიგვეღო. ძალიან კრიტიკულ გამონათქვამებს აკეთებენ და სკეპტიკური განწყობები ჩანს ევროკავშირთან დაკავშირებით, ასოცირების ხელშეკრულებას აკრიტიკებენ. ძალიან კრიტიკული გამონათქვამებია ჩვენი ძირითადი პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. ამან უამრავი კითხვა გააჩინა. თუ ევროპა მოსწონთ, ევროპულ ღირებულებებს პატივი უნდა სცენ, თუ საქართველოს სტრატეგიულ მიმართულებას მხარს უჭერენ მართლაც, ამას უნდა გადაზუსტება და ვთხოვდი, ეს დაეფიქსირებინათ ამომრჩევლისთვის, კარგად რომ გაეგოთ, მათ შორის მეც. თუ უსაფრთხოებაზე საუბრობენ და ნატოზე თანახმანი არიან, კეთილი ინებონ და სკეპტიკურ დამოკიდებულებას ნუ იჩენენ. ასევე ვთხოვდი ამომრჩეველსაც, რომ კარგად დააფიქსირეთ, რა უნდათ მათ, რას გვპირდებიან, რა პოზიცია აქვთ. თუ მოვლენ პოლიტიკაში, საით უნდათ ქვეყანა რომ განვითარდეს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი