ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “ქართული ოცნების” დამაარსებელი, ბიძინა ივანიშვილი რესპუბლიკურ პარტიასთან კოალიციური თანამშრომლობის თითქმის 4-წლიან პერიოდს რესპუბლიკელების მხრიდან ცუდ პარტნიორობას უწოდებს.
ეს განცხადება ივანიშვილმა ზუგდიდში, რეგიონულ მედიათან შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრების ეს სერია ბერა ივანიშვილის ტელევიზია GDS-ით გადაიცემა.
კერძოდ, ივანიშვილმა გაიხსენა მოსმენების “გასაღების” საკითხზე რესპუბლიკელების მიერ შემოთავაზებული წინადადება. ვახტაგ ხმალაძის ინიციატივით, მოსმენების “გასაღები” არა სუს-ში, არამედ კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში უნდა ყოფილიყო.
“მე ვიხსენებ კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის როლს, უსუფაშვილთან მქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა, ძალიან ბევრს ვსაუბრობდი, ყველაზე მეტ დროსაც ვხარჯავდი და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ საკუთარ გამოცდილებას, რაც მართლა აქვთ მათ, იურიდიული განათლება, პოლიტიკაში ყოფნის გამოცდილება და ასე შემდგომ, დანარჩენ პოზიტივს შეიტანდნენ და კოალციასაც ამ გზით განავითარებდნენ. საუბედუროდ, მოხდა საპირისპირო. მათ ვერ მოახერხეს კოალიციაში ამ თვისებების დანერგვა. უფრო მეტიც, ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები მთელი ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ თემებში, რაც იყო პრინციპული, ბევრი პროექტი პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ისინი, როგორც წეს,ი ოპოზიციის როლში მოგვევლინებოდნენ.
გავიხსენებ ერთ-ერთს. როდესაც უსაფრთხოების სამსახური გამოეყო პოლიციას და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც განახორციელა ახალმა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ვერც ერთი პროექტი ვერ იქნება იდეალური და საბოლოო, ყველა პროექტი მომავალში საჭიროებს დახვეწას და შემდგომ განვთარებას, მაგრამ ეს ნაბიჯი იყო ძალიან საინტერესო. აქ ვნახეთ, რომ ხმალაძეს, რომელიც არის ძალიან კარგი იურისტი, უსუფაშვილიც არის ძალიან კარგი იურისტი, მაგრამ რა? რა დავინახეთ ჩვენ? – რომ მათი ცოდნა საქმის საწინააღმდეგიდ მოხმარდა და არა სასარგებლოდ. ხმალაძე და უსუფაშვილი დღეში ორ-ორ ახალ კანონს იგონებდნენ. როგორც გახსოვთ, გასაღებების თემა იყო, მოსმენები იყო პრობლემა საქართველოში. იყო პრობლემა, მაგრამ დღეს არც ერთი შემთხვევა არ არის, რომ უსაფრთხოების სამსახური ამას ბოროტად იყენებს, მოსმენებს,”- განაცხადა ივანიშვილმა.