ნეტგაზეთი | სტიქია მსხვერპლით და ნგრევით [Video, Photo] სტიქია მსხვერპლით და ნგრევით [Video, Photo] – Netgazeti
RU | GE  

სტიქია მსხვერპლით და ნგრევით [Video, Photo]

 სტიქიის დროს თბილისში ხუთი ადამიანის გადარჩენა ვერავინ მოახერხა, უცნობია ორთაჭალის ციხეში არსებული ვითარება.

 სტიქიის დროს თბილისში ხუთი ადამიანის გადარჩენა ვერავინ მოახერხა, უცნობია ორთაჭალის ციხეში არსებული ვითარება. 

თბილისში, ორთაჭალის დასახლებაში მცხოვრებნი ყვებიან, რომ ნახევარსაათიანი წვიმის შემდეგ ძლიერი ღვარცოფი მოულოდნელად მოვარდა.

არხი, რომელიც კრწანისის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური წყალსაცავიდან მდინარე მტკვარს უკავშირდება, 12 მაისს, 21.20 საათიდან   ძლიერმა წყალმა დააზიანა, რომელსაც გარშემო არსებული საცხოვრებლების დაზიანება და ნგრევა მოყვა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ გორგასლის ქუჩის მესამე შესახვევის მეორე კორპუსის მიმდებარედ, არხის ზემოთ აშენებულ საცხოვრებელ ბინაში წყალი მოულოდნელად შევარდა.  დაბალ სართულზე მცხოვრებმა ანა წკრიალაშვილმა ღვარცოფს  თავი ვერ დააღწია.  იგი თავის შვილებთან – 6 თვის ნუნუკა წკრიალაშვილთან და 4 წლის ეთო წკრიალაშვილთან ერთად დაიღუპა.

ამავე ბინაში დაიღუპა 33 წლის მაია ხუდოიანი. მეზობლების თქმით, წყალი ისე მოულოდნელად მოვარდა, რომ მათ მეზობლების დახმარება ვერ შეძლეს. გარდაცვლილთა ცხედრები ერთი საათის შემდეგ მაშველებმა იპოვნეს.

“უცებ ისე მოვარდა წყალი, გამოსვლა ვერ მოასწრეს. ჩემი მეუღლე საშველად ეძახდა, ქვემოთაც სცადა ჩასვლა, მაგრამ წყალი ზემოთ ამოვარდა და ვერ ჩავიდა. დაახლოებით ცხრა ოჯახი დავზარალდით, ეს ბინები საცხოვრებლად უკვე აღარ ვარგა. ყველაფერი გაფუჭებულია,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” დაღუპულთა მეზობელმა, მაია თანდილაშვილმა.

ლანა გაბაძე იხსენებს, რომ ბოლო 24 წლის მანძილზე კრწანისის წყალსაცავიდან მომავალ ხევში წვიმების დროს წყალი მუდმივად დიდდებოდა, თუმცა, მოსახლეობისთვის ზიანი არასდროს მიუყენებია, რადგან 6 მეტრის სიმაღლის ბეტონის კალაპოტში უპრობლემოდ მიედინებოდა.

“წვიმა დაახლოებით ნახევარი საათის დაწყებული იყო, რომ არხში წყალი უცებ მოვარდა, ცოტა ხანს იდინა და მერე ისევ უცებ დაიწია. მერე კიდევ რამდენიმე საათი წვიმდა, მაგრამ წყლის დონე ასე აღარ მომატებულა,” – უთხრა “ნეტგაზეთს” გორგასლის მესამე შესახვევის მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ლანა გაბაძემ.

ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ არხში უეცრად მოვარდნილმა წყალმა ორთაჭალის ციხის ტერიტორიაზე გაიარა და ნიაღვარი სამინისტროების მხარეს წავიდა, სწორედ აქ, ხეივანის დასახლებაში დაიღუპა მარტოხელა მოხუცი ქალი.

ხეივანის დასახლებაში წყალმა დაანგრია ბეტონის ღობეები, ავტოფარეხები, დააზიანა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სახანძრო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები სახლებიდან და სარდაფებიდან მთელი დღის მანძილზე ცდილობდნენ წყლის ამოტუმბვას. მოვარდნილმა წყალმა ასევე დააზიანა ავტომობილები შსს–ს ავტოსადგომზე.

წყალმა დაანგრია ორთაჭალის ციხის ეზოს კედელი გორგასლის ქუჩის მხრიდან. ციხის ტერიტორიაზე დილიდანვე რამდენიმე პატიმრის ახლობელიც იმყოფებოდა, რომლებსაც ციხეში მყოფი ნათესავების მდგომარეობა აინტერესებდათ. ისინი კერძო საუბრებში ამბობდნენ, რომ ციხეში არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, თუმცა ციხის ადმინისტრაცია მათ არწმუნებდა, რომ პატიმრები არ დაშავებულან. ორთაჭალის ციხის ეზოს დაზიანებული ავტომობილებისა და შლამისგან მთელი დღის მანძილზე ასუფთავებდნენ სამხედროფორმიანი მამაკაცები, ციხის ყველა შესავლელთან კი გაძლიერებული დაცვა იყო.

ორთაჭალის საპყრობილეში  არსებული სიტუაციის გასარკვევად “ნეტგაზეთი” სახალხო დამცველის ოფისსაც  დაუკავშირდა. პრესამსახურის ცნობით, ისინი არ მუშაობდნენ ორთაჭალაში, რადგან საპყრობილეში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალზე ინფორმაცია არ არსებობდა.

ფოტორეპორტაჟის ავტორი: ალექს ისკანდაროვი

 
ამავე თემაზე:
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი