ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, სანდრა რულოვსმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა

7 სექტემბერი, 2016 • 1856
სააკაშვილის თქმით, სანდრა რულოვსმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სანდრა რულოვსს არასდროს აინტერესებდა დიდი პოლიტიკა და ახლა გახდა დიდი პოლიტიკოსი. მისი ცოლის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ ოდესის გუბერნატორმა “ნანუკას შოუში” ისაუბრა.

“სანდრას არასდროს აინტერესებდა პოლიტიკა და ახლა გახდა დიდი პოლიტიკოსი. მას აქვს წარმოუდგენელი კაცთმოყვარეობა და ადამიანების სიყვარული. პრობლემა ჰქონდა ის, რომ მისთვის ადამიანების სიყვარული იყო სრულიად ნეიტრალურობა. უბრალოდ, დაუდგა მომენტი, როცა ნეიტრალიტეტი არის შეუძლებელი. მომენტი, როცა პოლიტიკაში არყოფნა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აღარ ეხმარები. ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ეს არ მოხდებოდა და ახლა არის ის ზღვარი, რომ თუ არ ჩაერთვება პოლიტიკაში, მის თავს ეტყვის, რომ ადამიანების გადარჩენა შეეძლო და ვერ გადაარჩინა,” – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სანდრა რულოვსის პოლიტიკაში მოსვლა მისი ინიციატივა არ ყოფილა და დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება:

“პირველად ვნახე “ვანოს შოუში” და მივხვდი, რომ რაღაც პოლიტიკურად აჭიკჭიკდა. გამიკვირდა. არ მოველოდი იმიტომ, რომ აშკარად პოლიტიკურად ლაპარაკობდა. მერე ჩამოვიდა და თქვა, რომ ფიქრობდა კენჭისყრაზე და ვუთხარი- “კი, ბატონო”. ორი თვის შემდეგ მითხრა, რომ “არა, არ შემიძლია ეს პოლიტიკა და ასეთი რაღაცა…” და ბოლოს თქვა, რომ “კი”. ეს თან როგორი რაღაცაა: ჰოლანდიური ხასიათი აქვს, და თუ გადაწყვიტა, ბოლომდე წავა. ცდილობენ, რაღაც დესტაბილიზაცია შეუქმნან – ხან რას უგონებენ, ხან რას… უნდა გესმოდეთ მისი ხასიათი, ეს ჩრდილოევროპული ხასიათია: თუ რაღაცას ხელს კიდებს, უკან დასახევი გზა აღარ აქვს და რაც უფრო მეტად გაუწევ წინააღმდეგობას, მით უფრო გამყარდება. მთავარია, გადაწყვეტილების მიღების ზღვარი გადაელახა. მას ძალიან მტკიცე შეხედულებები აქვს ცხოვრებაში.”

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სანდრა რულოვსი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის მე-2 ნომერია. საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ამავდროულად არის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ენმ-დან. წარდგენის დღეს მან განაცხადა, რომ ენმ–ის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც მისთვის დიდი პატივია. რულოვსის თქმით, ის მზად არის ბრძოლისთვის და დარწმუნებულია გამარჯვებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი