ახალი ამბები

სტოლტენბერგის თქმით, ნატო რუსეთის საპასუხოდ შავი ზღვის რეგიონში ძლიერდება

7 სექტემბერი, 2016 • 1725
სტოლტენბერგის თქმით, ნატო რუსეთის საპასუხოდ შავი ზღვის რეგიონში ძლიერდება

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონში რუსეთმა გაზარდა თავისი სამხედრო ძალები და გააგრძელა ყირიმის ნახევარკუნძულის ინტენსიური მილიტარიზაცია. სტოლტენბერგი ამბობს, რომ ამის საპასუხოდ ნატომ ამავე აკვატორიაში გაძლიერება გადაწყვიტა.

“შავი ზღვის აუზი და შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესი გახლავთ ერვოატლანტიკური უსაფრთხოებისათვის. შავი ზღვის რეგიონში ჩვენ ვიხილეთ რუსული ძალების ზრდა და ასევე ყირიმის ნახევარკუნძულის ინტენსიური მილიტარიზაცია. ნატომ გადაწყვიტა, რომ გავძლიერებულიყავით შავი ზღვის რეგიონში. მანამდეც იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ჩვენ მომავალშიც გავაძლიერებთ მუშაობას რეგიონში და შავი ზღვის აკვატორიაში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე, რათა გაგვეფართოებინა ნატოს სამუშაოები შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ აქ ამ მიამრთულებით სამხედრო დაგეგმარების ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ. ასევე, რეგიონში სტაბილურობის უზრნველსაყოფად, შავი ზღვის მცირე ქვეყნების ურთიერთობით და ჩართულობით, მხარს ვუჭერთ რეგიონალურ ძალისხმევას,” – განაცხადა მან.

იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატოს მოკავშირეებისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოსთან და უკრაინასთან ძალიან მჭირდო კონტაქტი:

“ისინი არ არიან ნატოს წევრი ქვეყნები, თუმცა ამავე დროს ეს ორი ქვეყანა ჩვენს პარტნიორებს წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია, რომ მათთან ვაწარმოოთ დიალოგი იმ თემაზე, რასაც ქვია ჩვენი ძალების გაზრდა შავი ზღვის რეგიონში.”

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად დღეს, 7 სექტემბერს, ჩამოვიდა.  ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა, რომელიც საქართველოში მეოთხედ იკრიბება.

საბჭო პირველი ვიზიტით საქართველოს 2008 წელს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო-დოკუმენტს და გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს წარმოადგენს, რომლის მიზანია, საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად დაეხმაროს. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში 2011 წელს გაიმართა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის თანახმად, ნატოს 28 წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების პროცესში, ერთგულება გამოხატა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

2013 წელს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს მესამედ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი